მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

    წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე:

    1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, არაერთი საკითხი (ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანად ზოგიერთი ქვეთავიც) ზედაპირულად არის წარმოდგენილი და ხშირ შემთხვევაში დაზუსტებასა და საფუძვლიან შესწავლას/კვლევას საჭიროებს. ასეთი ქვეთავებია მაგალითად: „სეისმური პირობები“, „გეოლოგიური საშიშროებები“ – აღნიშნული ქვეთავები რამოდენიმე წინადადებით არის წარმოდგენილი.