მოწვევა შეხვედრა-ტრენინგების სერიაზე: „ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში“
შეხვედრა-ტრენინგების სერია თემაზე:
„ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში“
2017 წელს მწვანე ალტერნატივა გეგმავს შეხვედრებისა და ტრენინგების სერიის მოწყობას თემაზე „ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში“. დაგეგმილი შეხვედრების მიზანია, ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით (მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და გენდერული უფლებები) არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვისა და პერსპექტივის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობის შესწავლა.
თემატიკიდან გამომდინარე შეხვედრა-ტრენინგებზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ, რამდენად არის დაცული ადამიანის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი, გარემოსდაცვითი და გენდერული უფლებები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ექსპლუატაციის პროცესში, რა საერთაშორისო მექანიზმები არსებობს ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის და სხვა.
შეხვედრები განკუთვნილია ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის და არაფორმალური ჯგუფებისთვის იმ რეგიონებიდან, სადაც მიმდინარეობს ან/და იგეგმება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შეხვედრების პირველი ნაწილი იქნება რეგიონალური (დაგეგმილია აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ჯგუფებთან ერთობლივი მუშაობა), მეორე ნაწილი კი ეროვნული.
შეხვედრათა ციკლში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია თანდართული განაცხადის ფორმის შევსება და მისი მოწოდება არაუგვიანეს 2017 წლის 10 თებერვლისა (18:00 სთ). სხვადასხვა შეხვედრაში მონაწილეების შერჩევა მოხდება მხოლოდ შევსებული განაცხადის ფორმების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 222 38 74
ელ.ფოსტა:
საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
მობ.: 593 449 429.