მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრეინინგში „ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“ მონაწილეობის მისაღებად

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა” იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრეინინგში „ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

ტრეინინგის მიზანია – გაზარდოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა და გამოცდილება – ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, მისი თანამდევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ (საბიუჯეტო და სექტორალური დახმარებები, ტექნიკური დახმარების პროგრამები), როგორ და რა კუთხით შეიძლება საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩაერთონ ფინანსური ინსტრუმენტის პროგრამირების ციკლში (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება).

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფინანსური დახმარების ახალი რეგულაციის სამუშაო ვერსია (დოკუმენტი ევროკომისიის მიერ არის შეტანილი ევროპარლამენტში და დაწყებულია მისი განხილვები. რეგულაცია უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ სამეზობლო ქვეყნებში ფინანსურ დახმარებას 2014 წლიდან).

ტრეინინგის დროს ყურადღება დაეთმობა საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის დახმარების მონიტორინგი, ვინ არიან პასუხისმგებელი პირები როგორც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

აგრეთვე, განიხილება მაგალითები მდგრადი განვითარების, სოციო-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვის სექტორიდან. ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ე.წ. ჰორიზონტალური /გამჭოლი საკითხები (გამჭვირვალობა, საზოგადოების მონაწილეობა, პარტნიორობის პრინციპი, ანგარიშგება და სხვ.), რაც წარმოადგენს ესპ პოლიტიკისა და ფინანსური ინსტრუმენტების განუყოფელ ნაწილს.

ტრეინინგს თან დაერთვება სამუშაო შეხვედრა რომელზეც მოწვეულნი იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე, რათა ერთობლივად განისაზღვროს ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებას ეფექტური მონიტორინგი გაუწიოს როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას, ასევე მისი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას საქართველოში.
ტრეინინგის სამიზნე ჯგუფი – რეგიონალური და თბილისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები (გარემოსდაცვითი, უფლებათადამცველი, კვლევითი და სხვ.) უპირატესობა მიენიჭებათ რეგიონალურ ორგანიზაციებს.

ტრეინინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად თუ გაქვთ სურვილი დაესწროთ სამუშაო შეხვედრას, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია არ უგვიანეს ამა წლის 14 მარტისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე .

  • სახელი, გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ორგანიზაციების დასახელება;
  • ორგანიზაციის მოქმედების სფერო;
  • ორგანიზაციის მოქმედების არეალი (რეგიონალური, ეროვნული, რაიონი, გთხოვთ მიუთითოთ რეგიონი);
  • გქონიათ თუ არა, გამოცდილება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის და/ან განხორციელების შესახებ;
  • აღწერეთ რატომ გინდათ ტრეინინგში მონაწილეობის მიღება.

შერჩევის შედეგები ეცნობება ტრეინინგში მონაწილეობის ყველა მსურველს.

ტრეინინგი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესში“ ფარგლებში.