მწვანე ალტერნატივა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, არ დაარღვიოს კანონი და არ განიხილოს RMG Gold-ის უკანონო მოთხოვნა
2014 წლის 14 იანვარს RMG Gold-მა საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც RMG Gold-ს არ მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის კანცელარია დღემდე არ აქვეყნებს ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც მწვანე ალტერნატივასთვის გახდა ცნობილი, საკითხი განსახილველად კვლავ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა. მწვანე ალტერნატივა აცხადებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არაა უფლებამოსილი, არათუ დააკმაყოფილოს RMG Gold-ის მოთხოვნა კარიერის დამუშავებისა და მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე, არამედ საკითხის განხილვითაც კი, სამინისტრო დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მწვანე ალტერნატივასა და დავით სახვაძის სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ორი აქტის (2013 წლის 5 ივლისის #03/108 ბრძანების და 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანების) ბათილად ცნობას. პირველი აქტით საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა, მინისტრის მეორე ბრძანებით კი, RMG Gold-ს მიეცა უფლება, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში, აწარმოოს ისეთი საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის თანახმად, სასამართლო წარმოებაში სარჩელის მიღება აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას. ვინაიდან სასამართლოს განჩინებაში არ არის რაიმე მითითება ამ ნორმიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე, მწვანე ალტერნატივასა და დავით სახვაძის მიერ გასაჩივრებული აქტების მოქმედება, სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან, შეჩერებულია. ეს კი, ნიშნავს, რომ „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს“ (როგორც ის მოხსენიებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების დანართში) ამჟამად კვლავ კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს.
მწვანე ალტერნატივა იმედოვნებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს და დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას სადაო აქტების კანონიერების თაობაზე.