„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას ითხოვს

„მწვანე ალტერნატივა“ სახელმწიფო უწყებებს ნენსკრა ჰესის შესახებ გასაჯაროებული ხელშეკრულების შესწავლას და მასზე რეაგირებას სთხოვს.

საკითხი მთავრობის მიერ ხელმოწერილ კაბალურ კონტრაქტს ეხება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნენსკრას პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს.

„მწვანე ალტერნატივამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს. ორგანიზაცია თავმჯდომარეებს სთხოვს, გამოიყენონ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია და საკომიტეტო მოსმენა მოაწყონ; ამასთან, „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობის შესაძლებლობას და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობას.

 „ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროების და გაცნობის შემდეგ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ხელშეკრულება არ შეესაბამება პროექტის შესახებ გაკეთებულ დამაიმედებელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჰესი გაამყარებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ზამთარში შეავსებს ელექტროენერგიის დეფიციტს და სახელმწიფოს დენს ბაზარზე არსებულ ფასებზე იაფად მიაწოდებს; პირიქით, ხელშეკრულება სერიოზული რისკების წინაშე აყენებს საქართველოს ეკონომიკას“,  – აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივის“ ოფიციალურ წერილში.

„მწვანე ალტერნატივა“ ასევე აპირებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს, რათა შეისწავლოს კონტრაქტში ასახული საეჭვო ფინანსური დეტალები  და მათზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

ნენსკრა ჰესის შესახებ აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი 2019 წლის 8 ივნისს რუსთავი2-ის ეთერში გასაჯაროვდა. კონტრაქტს ხელს აწერენ: საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“. ხელშეკრულებიდან სახელმწიფოსა და პროექტის მენეჯმენტს შორის გარიგების კონფიდენციალური დეტალები გამოვლინდა.

ფაქტები ნენსკრა ჰესის ხელშეკრულებიდან, რომელიც „მწვანე ალტერნატივამ“ გააანალიზა:

  • წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ნენსკრა ჰესი საქართველოს  ზამთრის დეფიციტის დასაფარად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.
  • ნენსკრა ჰესი საქართველოს ენერგეტიკის ზამთრის დეფიციტს სრულად ვერ შეავსებს და მის ნახევარზე ნაკლებს — 43%-ს — დაფარავს. – 
  • სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში მუდმივად შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად (საშუალოდ 10.6 აშშ ცენტად, ანუ 29.6 თეთრად).
  • სახელმწიფო ნენსკრასგან დენს უფრო ძვირად შეისყიდის, ვიდრე მის გაყიდვას შეძლებს.
  • ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს, ანუ 167 მილიონ ლარს იზარალებს.
  • სახელმწიფო აზღვევს ნენსკრას ჰიდროლოგიურ რისკებს. მაგალითად, თუ არასაკმარისი  წყლის გამო ჰესმა ნაკლები დენი გამოიმუშავა, სახელმწიფო მას ამ დანაკლისს აუნაზღაურებს.
  • საქართველოს მთავრობა, ხელშეკრულებით, განსაკუთრებულ საგადასახადო პირობებს უქმნის პროექტს. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნენსკრა ჰესის მენეჯმენტს გადახდილი ქონების გადასახადი აუნაზღაუროს.
  • სვანეთში ნენსკრა ჰესისთვის საჭირო ტერიტორიების 700 ჰა, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის სათემო საკუთრებაა, უკვე ჰესისთვის გადაცემულია.

ნენსკრა ჰესის აგება ზემო-სვანეთში იგეგმება და ის საქართველოში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურია. განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემას, საცხოვრებელ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას. „მწვანე ალტერნატივა“ წლებია აპროტესტებს აღნიშნული პროექტის  გარემოზე ზემოქმედებას. ჰესის მშენებლობის შესახებ ნებართვა სახელმწიფომ 2015 წელს მისი ბუნებრივი და სოციალური გარემოს სათანადოდ შესწავლის (გზშ) გარეშე გასცა. 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნენსკრა ჰესის დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მთავრობამ კანონი დაარღვია და პროექტს განახლებული გზშ საერთოდ არ მოსთხოვა.

ნენსკრა ჰესის აგებას ეწინააღმდეგება სვანეთის მკვიდრი მოსახლეობაც. მათ სხვადასხვა დროს არაერთი საპროტესტო  აქცია გამართეს როგორც სვანეთში, ისე თბილისში.

ჰესის წინააღმდეგ, სხვადასხვა თემაზე, „მწვანე ალერნატივის“, სხვა ორგანიზაციების და  სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არაერთი სარჩელია შეტანილი პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებში (EBRD, EIB, ADB)  და თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

კონტაქტი:
599 104 043,
რუსუდან ფანოზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
„მწვანე ალტერნატივა“