მწვანე ალტერნატივას განცხადება აჭარის ავტონიმიურ რესპუბლიკაში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით

2009 წლის 10-11 აგვისტოს ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში გაიმართა პროექტის “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მეორე საჯარო განხილვა. იგეგმება პროექტის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ (გათვალისწინებულია 7 მილიონი ევროს გამოყოფა: 4 მილიონი ევრო – გრანტი და 3 მილიონი ევრო – სესხი).

პროექტის მიზანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება აჭარაში; პროექტის მთავარ კომპონენტს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა წარმოადგენს და ამდენად, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება სწორედ ამ საკითხზეა ორიენტირებული. პროექტის კონსულტანტების მიერ სანიტარული ნაგავსაყრელის უპირატეს ადგილმდებარეობად შერჩეულ იქნა დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორია (32 ჰა). ეს ადგილი ესაზღვრება დაბა ჩაქვს, ხალისა და ჩაისუბანს, და ზღვის სანაპიროდან ერთი კილომეტრითაა დაშორებული. ამდენად, ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურება გარდაუვალია, ვინაიდან მისი დანახვა შესაძლებელი იქნება როგორც სანაპიროდან, ისე გარშემო მდებარე სოფლებიდან.

ბათუმსა და ქობულეთში 10-11 აგვისტოს გამართულ საჯარო განხილვებში მონაწილე საზოგადოების წარმომადგენლებმა ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს: ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შესარჩევად ალტერნატიული ვარიანტების არასათანადო შესწავლა; აჭარაში არსებული ნაგავსაყრელების დახურვის მეთოდები; ახალი სანიტარული ნაგავსაყრელისა და აჭარაში დაგეგმილი მეორე – შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტის კუმულაციური ზემოქმედების შესწავლა ადგილობრივ მოსახლეობაზე1.

11 აგვისტოს ჩაქვში გამართულ საჯარო განხილვაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს პროექტისადმი; შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემური საკითხები შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს:

  • ნაგავსაყრელის არსებობა დასახლებების სიახლოვეს უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზე, რომელთათვისაც დასვენებასა და ტურიზმზე ორიენტირებული ბიზნესი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მოსახლეობის განმარტებით, ნაგავსაყრელთან სიახლოვე არამიმზიდველს გახდის მიმდებარე დასახლებებს დამსვენებელთა და ტურისტებისთვის;
     
  • ნაგავსაყრელის არსებობა უარყოფითად იმოქმედებს მიმდებარე დასახლებების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ფასზე, რაც ასევე გამოიწვევს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას; 
     
  • ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ფუნქციონირებას მოჰყვება უარყოფითი ზეგავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე. მონაწილეთა აზრით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პროექტი სათანადოდ იქნება განხორციელებული, მოხდება ნაგავსაყრელის სწორედ მართვა და უზრუნველყოფილი იქნება უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.

როგორც ჩაქვის შეხვედრაზე გამოვლინდა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემური საკითხების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჩაქვის ტერიტორიაზე სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას2. მონაწილეებმა უნდობლობა გამოხატეს პროექტის კონსულტანტების მიმართაც. სამწუხაროდ, შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა არასასიამოვნო ინცინდენტსაც – სიტყვიერ შელაპარაკებას შეხვედრაში მონაწილე ადგილობრივ მოსახლეობასა და კონსულტანტი ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის. კონფლიქტი გამოიწვია პროექტის კონსულტანტის ერთ-ერთი წამომადგენლის არაეთიკურმა განცხადებამ, რომელმაც სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა შეხვედრაში მონაწილე მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

საგულისხმოა, რომ “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტისათვის განკუთვნილი დაფინანსება ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 4.55-მილიარდიანი დაფინანსების ნაწილია და ამდენად, ყოვლად მიუღებელია, რომ ეს თანხა დაიხარჯოს მოსახლეობის ინტრესების საზიანოდ. ჩვენ მოვუწოდებთ პროექტთან დაკავშირებულ საჯარო მოხელეებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, ანგარიში გაუწიონ დონორების მიერ დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნებს და უფრო მეტი ძალისხმევა გაწიონ სახალხო დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოწოდების შესასრულებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც “საუკუნის პროექტების” განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიმდინარეობდა, ამგვარი ვითარების ხელშემწყობები კი, დაუსჯელნი რჩებოდნენ.
 
[1] საზოგადოებისთვის ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, შემოვლითი გზა გაივლის ჩაქვის შემოთავაზებული სანიტარული ნაგავსაყრელიდან 30-35 მეტრის დაშორებით. აჭარის შემოვლით საავტომობილო გზის პროექტს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank, ADB).

[2] ა.წ. ივლისში ჩაქვის მოსახლეობამ კოლექტიური წერილებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება მათი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის აშენებასთან დაკავშირებით