მწვანე ალტერნატივას განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წ. 22 და 23 ივლისს გავრცელებული გაცხადებების თაობაზე
2013 წლის 22 ივლისს, საინფორმაციო საშუალებებით, გავრცელდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის განცხადება, „აჭარისწყალზე და მაჭახელაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“.
იმევე დღეს, განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, სადაც “უცნაური” უწოდა იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას აერია მდინარეების სახელები და ასევე, განმარტება გააკეთა ჰესების მიმდინარე პროექტების თაობაზე. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნული იყო: „სამწუხაროა, რომ ნაადრევი, არაკომპეტენტური და აბსურდული დასკვნები მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ კეთდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური მოსაზრებებისა და მიკერძოებულობის საფუძველზე”.
უცნობია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობდა სამინისტრო, მაგრამ 23 ივლისს მედია საშუალებებით გავრცელდა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს განცხადება, სადაც განმარტება გაკეთდა წინა დღეს აჭარის რეგიონული ორგანიზაციისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მმართველი პარტიის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის განცხადებაში დაშვებულ შეცდომებში მწვანე ალტერნატივა დადანაშაულდა („გავრცელებული ინფორმაცია არსებითად ეყრდნობოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” მიერ მოწოდებულ მასალებს“).
აღნიშნულთან დაკავშირებით, მწვანე ალტერნატივა აცხადებს შემდეგს: მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები აჭარის რეგიონში მშენებარე ჰესების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ორგანიზაციას არანაირი დოკუმენტი არ მიუწოდებია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისისთვის. მწვანე ალტერნატივას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, მკითხველი ვერსად ნახავს მტკიცებებს ხელვაჩაურის რაიონის 20 სოფლის დატბორვის, მდინარე მაჭახელაზე ჰესების მშენებლობის, ან მშენებლობის პროცესში არსებული ტექნიკური პარამეტრების დარღვევისა და ტექნიკურ-საინჟინრო პრობლემების შესახებ, რაზეც საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამწუხაროა, რომ პარტია ცდილობს საკუთარი უყურადღებობისა და შეცდომების გადაბრალებას მწვანე ალტერნატივაზე.
მწვანე ალტერნატივა კვლავაც გამოხატავს შეშფოთებას და ადასტურებს თავის დოკუმენტებში გამოთქმულ მოსაზრებებს აჭარაში, მდ. ჭოროხზე მიმდინარე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტების წარმოდგენილი სახით, საკომპენსაციო ღონისძიებების გარეშე, განხორციელება გამოიწვევს რეგიონის სოფლების თანდათანობით დაცლას, შეუქცევად ზიანს მიაყენებს შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რეგიონის ლანდშაფტურ და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ამასთანავე, უხეშად ირღვევა საქართველოს მიერ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის, ევროპის ლანდშაფტების კონვენციისა და ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის მოთხოვნები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნები აჭარაში დაგეგმილი ჰესების პროექტების თაობაზე
- მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თაობაზე;
- მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე;
- მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიშის თაობაზე.
ამავე თემაზე
-
მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდინარე ჭოროხზე ჰესების კასკადის (კირნათის, ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II ჰესები) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე
-
შენიშვნები კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების თაობაზე
-
შენიშვნები კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების თაობაზე