მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიების მოთხოვნის თაობაზე

30 სექტემბერი, 2016
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლა აგულაშვილს
ბატონო გიგლა,

მოგახსენებთ, რომ დახმარების თხოვნით მოგვამართეს ჭიათურის რაიონის სოფელი ზედა რგანის მაცხოვრებლებმა, რომლებიც უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღით სარგებლობის შედეგად. ადგილობრივი მოსახლეების განმარტებით „ჯორჯიან მანგანეზი“ საქმიანობის შედეგად ილახება ადამიანების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ზიანი ადგება მათ საკუთრებას.

ზემო რგანში შექმნილი სიტუაცია გაშუქდა ა.წ. 19 აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე 20:41-ზე გასულ სიუჟეტში, „რა პრეტენზიები აქვთ სოფელ ზედა რგანის მცხოვრებს „ჯორჯიან მანგანეზთან“.

თუკი, თქვენს დაქვემდებარებაში არსებულ უწებაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის საფუძველზე, ჯერ კიდევ არ დაწყებულა აშკარა კანონდარვევის მოკვლევა, გთხოვთ, „წიაღის შესახებ“ კანონის 31 მუხლის (მ) ქვეპუნქტის) შესაბამისად, შეამოწმოთ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
ნინო გუჯარაიძე, აღმასრულებელი დირექტორი, „მწვანე ალტერნატივა“