მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ენერგეტიკის სექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ტექნიკურ დავალების სამუშაო ვერსიაზე

2014 წლის 13 მაისს მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში საქართველოსთვის სესხის სახით 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.

აღნიშნული პროექტი ორ ძირითად საკითხს შეეხება, რომელთა მიზანს წარმოადგენს: ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდა ქსელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სისტემათაშორისო გადადინების ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება და ეკონომიკურად ეფექტური და გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით, მდგრადი დაგეგმვა.

მსოფლიო ბანკის პოლიტიკა 4.01 თანახმად, თუ A კატეგორიის პროექტს გააჩნია უფრო ფართო ზემოქმედება სექტორზე, უნდა მომზადდეს სექტორის გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება. შესაბმისად, პროექტში განისაზღვრა ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების მომზადების საკითხი, რაც უდაოდ მისასალმებელია, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით არ ითვალისწინებს სხვადასხვა გეგმის, პროგრამისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასების გაკეთებას.