მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე

პრესრელიზი

მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ორგანიზაციამ საჩივარს არ დაურთო ის დოკუმენტი,
რომლის განსაიდუმლოებასაც ითხოვდა

ა.წ. 16 მარტს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინიტრს ნიკა გილაურს და მოითხოვა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის” გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კანონიერების საკითხის შესწავლა და ხელშეკრულების დოკუმენტის საჯაროობის უზრუნველყოფა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 14 მაისს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება №325, რომლის თანახმად მოწონებულ იქნა, ერთი მხრივ, საქართველოს მთავ¬რობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტროსა და ქ. თბილისის მთავრობას და, მეორეს მხრივ, შპს “MULTIPLEX ENERGI LIMITED”-ს შორის გასაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქ¬წყალ¬კანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი და საქართველოს ეკონომიკუ¬რი განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს მიენიჭა უფლებამოსილება საქარ¬თველოს მთავრობის სახელით ხელი მოეწერა აღნიშნული ხელშეკრულებისათვის. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება განკარგულების გამოცემის დღესვე გაფორმდა და როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოგვიანებით გვაცნობა, თავად ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს სპეციფიურ პროცედურას, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის დოკუმენტი მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად. კერძოდ, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა, ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევის თაობაზე. “MULTIPLEX ENERGI LIMITED”-თან დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებისას ეს პროცედურა გამოყენებული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულება თავად ხელშეკრულების მუხლით არის გასაიდუმლოებული. 

ა.წ. 2 აპრილს მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ნანობაშვილმა საჩივრის განხილვაზე უარი შემდეგნაირად განგვიმარტა: „თქვენი ადმინისტრაციული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის დამადასტურებელი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით) არ არის თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში“. 

შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის” გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კანონიერების საკითხის შესწავლისა და ხელშეკრულების დოკუმენტის საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნით, მწვანე ალტერნატივა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ. 5ა, IV სადარბაზო, VII სართული
ტელეფონი: (+995 32) 22 16 04, 22 38 74
ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ.-ფოსტა:
ვებ-გვერდი: greenalt.org