მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს “ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე:  

  1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილი გზშ ანგარიში მეტად დაბალი ხარისხისაა. დოკუმენტში საერთოდ არ არის წარმოდგენილი პროექტის მიზანშეწონილობის დასაბუთება, პროექტის საერთო ღირებულება. ასევე, არ არის განხილული პროექტის საჭიროება; თუ რა მიზანს ემსახურება პროექტი და რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს აღნიშნული საწარმოს ფუნქციონირება რეგიონს და ზოგადად, ქვეყანას. მხოლოდ ამ სახის ინფორმაცია, რომ „საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობიდან შესაძლებელია დასაქმდეს 8-10 ადამიანი“ არასაკმარისია.ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უკეთ შეაფასონ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. 
  2. გზშ ანგარიშში მეტად ზედაპირულადაა განხილული, თუ რა ზეგავლენა ექნება პროექტს გარემოზე, ახლომდებარე დასახლებულ არეალზე; არ არის შეფასებული ზეგავლენის მნიშვნელობა, მასშტაბები და შესაბამისად არ არის დადგენილი შემარბილებელი ღონისძიებები.
  3. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხიც კი, როგორიცაა დაშორება უახლესი დასახლებული არეალიდან არაზუსტადაა წარმოდგენილი გზშ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საწარმოდან „უახლოესი დასახლებული სახლი დაშორებულია 80 მეტრით“; მაშინ, როდესაც დაშორება, რეალურად, დაახლოებით 20 მეტრია.