No_dams

2012 წლის 11 თებერვალს 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე კინოს სახლში (ძმ. კაკაბაძეების ქ. #2) ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „არა დიდ კაშხლებს“. დისკუსია ეძღვნება დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათ მოსალოდნელ ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე.

ცნობილია, რომ 2012 წელი გამოცხადებულია დიდი ჰესების მშენებლობის წლად. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული პროექტების (ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, დარიალის ჰესი და სხვა) განხორციელების შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის სულ მცირე 2000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგის, ფარავნის, აჭარისწყლის, მაჭახელას, ჭოროხისა და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო.

შეხვედრის მიზანია საზოგადოების კონსოლიდაცია დიდი კაშხლების პროექტებისა და მათი თანამდევი პრობლემების წინააღმდეგ. გთხოვთ, მობრძანდეთ და გამოხატოთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.