baneri_GA

5 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2021 წლის კანონპროექტი, რომლის ინიცირება სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტმა განახორციელა. კანონპროექტში განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები 2021 ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზეც $132,025,000-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მითითებულია დაფინანსების შეჩერების საკითხი, რომლის მიხედვით, გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს და მოახსენებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს შემდეგი სამი მიმართულებით:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
ბ) ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლა;
გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უზრუნველყოფა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით პროგრესი აღარ ფიქსირდება. უფრო მეტიც, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდებაTrace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველოში ბიზნესის კორუფციის რისკმა 3 ქულით მოიმატა და შეფასებული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველად კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება განისაზღვრა. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანალიზის მიხედვით, წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატების მიუხედავად საქართველოში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. საქართველოში მაღალი დონის კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია 2018 წელს1 და აღნიშნულის შესახებ, უკვე დიდი ხანია, საუბრობს სამოქალაქო საზოგადოებაც.2 Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზეს, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაეთვალისწინებინათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა შესთავაზეს ხელისუფლებას სამოქალაქო ორგანიზაციებმა 2019 წელსაც, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპლექსური და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება დადასტურებულია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აღიარებს აღნიშნულ გამოწვევას და არც ღია მმართველობა საქართველოს და არც ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში არ გვხვდება კონკრეტული ვალდებულება მაღალი დონის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მყარად ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების და  სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები, განახორციელოს სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია სწორედ მაღალი დონის კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

მწვანე ალტერნატივა

___________________________________

European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)), პარ. 22.

2 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს; ღია საზოგადოების ფონდი, მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება.