gonakhuli

შუახევი ჰესმარომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო. 

შუახევი ჰესის კომერციული ოპერირების დაწყების შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაცია პროექტის მეწილემ, მსხვილმა ინდურმა ენერგოკომპანიამ „ტატა ფაუერმა“ 30 მარტს გაავრცელა. თუმცა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ჩანაწერების მიხედვით ჩანს, რომ ჰესი მარტის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სოფლებთან, დასახლებული ადგილებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გაურკვეველი წყაროებიდან წყლის გაჟონვა.

შუახევის ჰესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. თითქმის ათეული წლის განმავლობაში, მისმა მშენებლობამ და ოპერირებამ არაერთი პრობლემა და ხმაური გამოიწვია. „მწვანე ალტერნატივა“ მშენებლობის დაწყებამდე საუბრობდა პროექტისთვის ჩატარებული კვლევების ნაკლებობასა და საფრთხეებზე რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარემოსთვის შეიძლება მოეტანა. 

ჰესის პროექტის განვითარებას სხვადასხვა დროს მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციები, სარჩელები სასამართლოსა თუ საერთაშორისო ბანკებში, სადაც მოსახლეობა საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ითხოვდა. ჰესის მშენებლობისთვის გვირაბების აფეთქების შემდეგ სოფლებში ზოგიერთი სახლი, ბზარების გამო, საცხოვრებლად საშიში გახდა, ზოგან ქვების ცვენა დაიწყო, შემცირდა მოსავალი, გაქრა წყალი, მათ შორის – სასმელი წყალი და მოსახლეობას ცხოვრება მუდმივად მეწყრის შიშში უწევს. გეოლოგების აზრით, აღნიშნულ ტერიტორიებზე, მძიმე ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, მეწყერი მოსალოდნელია. ამას ხელი არ შეუშლია საქართველოს მთავრობისა და ინვესტორებისთვის, პროექტი მაინც აემუშავებინათ 2017 წელს, თუმცა, მან მალევე მარცხი განიცადა: ორ თვეში გვირაბები ჩამოიშალა.

მახხალაკიძეები 4გორხანაული 3მახალაკიძეები 1

 

 

 

 


“ბევრისათვის ცნობილია, რომ ჩვენ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. ამ წყლებმა, რომლებმაც გაჟღინთა ტერიტორია, ეს მიწა შეიძლება გამოგვაცალოს და ერთ დღეს მთელი სოფელი  მდინარეში ჩაგვიტანოს… ალბათ ვერც ვერავინ გადავრჩებით, როგორც ის სოფლები ვერ გადარჩნენ“, – ამბობს გოლხანაურის მკვიდრი მადონა თავდგირიძე და რამდენიმე ათწლეულის წლის წინ მეწყრის მიერ წაღებულ ორ მეზობელ სოფელს იხსენებს. გოლხანაურში ამბობენ, რომ წყლით მიწის გაჟღენთვა გვირაბის მიმდებარედ, დასახლებული ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დაიწყო. 

გოლხანაური შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სწორედ მის თავზე გადის შუახევიჰესის სამიდან ერთ-ერთი, 17.8 კმ-იანი გვირაბი. რამდენიმე წლის წინ, როცა მის გათხრაზე მუშაობა დაიწყეს, სოფელი გოლხანაური წყლის გარეშე დარჩა – წყაროები სრულიად გაქრა.   

„როცა მშენებლობა დასრულდა და ოპერირება დაიწყო და გვირაბში წყალი გაუშვეს, მის გასწვრივ წყალმა გაჟონვა დაიწყო, როგორც ახლა. ხოლო 2017 წელს ჰესის მუშაობა მთლიანად როცა გაჩერდა,  წყლების გაჟონვაც შეწყდა და აქ სიმშრალე იყო მთელი ეს წლები“, – ამბობს მადონა თავდგირიძე.  სწორედ ამ დამთხვევების გამო სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ერთი თვის წინ გვირაბის გასწვრივ ნიადაგიდან გამოსული წყალი  შუახევიჰესის გვირაბების არასწორად ფუნქციონირებას უკავშირდება და შიშობენ, რომ ამით შეიძლება ჰესმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

წყალმა გამოჟონა სოფელ მახალაკიძეებშიც, დასახლებული პუნქტის - რაბათისუბნისდან 100-150 მეტრის დაშორებით. მახალაკიძეებიც, წლებია, საყოფაცხოვრებო და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელია, სადაც, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან ქვების ცვენა ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა. იქ სახლებს კი ბზარები ისევ ატყვია, რომლებიც, როგორც მოსახლეობა იხსენებს, ჰესის მშენებლობის შემდეგ გაჩნდა. ამიტომაც, დღეს სოფელში შიშობენ, რომ ამ ხარვეზებს წყლით გაჟღენთილი ნიადაგი რომ დაემატება,  შეიძლება „ეროზია, ან მეწყერი გამოიწვიოს და ეს რაღაც ცუდ შედეგს მოიტანს.“

2018 წლიდან სოფელი მახალაკიძეები მედიაციის პროგრამაში ჩაერთო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო ბანკები ცდილობენ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავა გადაწყვიტონ და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პროექტის შედეგად მიყენებული ზიანი აღირიცხოს.  მედიაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

შუახევი ჰესს სამი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტი აფინანსებს: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს უკანასკნელი პროექტის მეწილეც არის, „ტატა ფაუერთან“ და ნორვეგიულ „ქლინ ენერჯი ინვესტთან“ ერთად (მიუხედავად შუახევის მარცხისა, ამ უკანასკნელს ჩააბარა საქართველოს მთავრობამ ნამახვანი ჰესის განვითარებაც).   

IMG_7231IMG_7224IMG_7744

 

 

 

 


„წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის შედეგებზე ჩივის და მშენებლობის პროცესმა უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს საფრთხე შეუქმნას. მას შემდეგ, რაც ჰიდროელექტროსადგურმა მარცხი განიცადა 2017 წელს, კომპანიამ უამრავი ფული დახარჯა მის შეკეთებაზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობას, ვინც ზიანი განიცადა, კომპანიისგან პასუხი კვლავ არ მიუღიათ, – ამბობს მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, – ახლა პროექტი სრული დატვირთვის ამუშავებას იწყებს და სოფლებშიც შიში ბრუნდება. საბოლოო ჯამში კი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, ისევე როგორც, 3 წლის წინ გვირაბების ჩამოშლაზე, არავინ იღებს და შესაბამისი ზომები მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად მიღებული არ არის“.

2017 წელს ჩამოშლილი გვირაბები, მოგვიანებით, პროექტის მმართველმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესებს“ დააბრალა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, დღეისათვის, როცა ჰესმა მუშაობა განაახლა, მისი მმართველი კომპანიის ვებგვერდზე არ იძებნება განახლებული გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაასაბუთებს, რომ ამჯერად ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

გოლხანაურის მაცხოვრებლები იხსენებენ, რომ „აჭარისწყლის“ წარმომადგენლებმა მათ სოფელში წყლით გაჟღენთილი ნიადაგი უკვე მოინახულეს, თუმცა, მისი მიზეზის შესახებ არაფერი განუცხადებიათ. 2019 წელს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშიმ გამოცემა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გოლხანაური შუახევიჰესის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სოფელი არ არის.   

„ტატა ფაუერის“ მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი კი ასევე იუწყება, რომ მალე ასევე ოპერირებაში „ჩაეშვება 9-მეგავატიანი სხალთის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც შუახევის პროექტის ნაწილია.“

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი განახლდა და სრული სვლით მუშაობას გეგმავს, შუახევიჰესს ჯერ არ დაუსაბუთებია, არის თუ არა ის ახლა უსაფრთხო. 10 – წლიანი ხმაურიანი ისტორიის შემდეგ და მასში სამი საერთაშორისო ბანკის ჩართულობის მიუხედავად, შუახევი მაინც რჩება პროექტად, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ მიყენებული ზიანისა და მუდმივი შიშის ფონზე განაგრძობს ცხოვრებას და სადაც მათ ჯერ არ იციან პასუხი კითხვაზე: ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?