საქალაქო სასამართლომ ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული 20 წლიანი ლიცენზიების გაუქმების საკითხი განიხილა

ა.წ. 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მწვანე ალტერნატივას გასული წლის 12 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებების გაუქმებას, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ აქტების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად ცნობაზე. მოგვიანებით პროცესში კიდევ ერთ მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. სასამართლოში მწვანე ალტერნატივას ინტერესებს იცავდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. განხილვა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა; სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 25 სექტემბერს, 15.30 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს. 

2007 წლის 1 მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად, ლიცენზიები გადაეცა 20 წლის ვადით ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში. მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. 

მოპასუხეებმა წარმოადგინეს შინაარსობრივად ერთი და იგივე შესაგებელი. უფრო მეტიც, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2008 წლის 31 ივლისს სასამართლოს წარუდგინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2008 წლის 19 მარტს წარდგენილი შესაგებელის ზუსტი ასლი. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი პროცესზე არ გამოცხადდა, ხოლო მესამე პირად ჩართული ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი – საერთოდ ვერ მოიძებნა. მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა უსაფუძვლოა, თუმცა ვერც შესაგებელში და ვერც განხილვის დროს მათ ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რომლებიც პასუხს სცემდნენ მწვანე ალტერნატივას მიერ დასმულ საკითხებს. 

კანონის დარღვევები, რომლებიც თვალსაჩინოა გასაჩივრებულ აქტებში, პირობითად შესაძლოა დაიყოს სამ ბლოკად:

  1. საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები;
  2. სალიცენზიო პირობების საკითხები; 
  3. გარემოსდაცვითი საკითხები (ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული).
  1. აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საზოგადოების ყოველგვარი წინასწარი ინფორმირების გარეშე და გაუმჭვირვალედ. საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც უშუალოდაა დამოკიდებული ტყის რესურსებზე, არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ სათანადო ინფორმაცია და მოეხდინათ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე; აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მათთვის მხოლოდ 2007 წლის 2 აპრილის გაზეთ “24 საათში” სამინისტროს განცხადების გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი, როდესაც გამოქვეყნდა უკვე მიღებული გადაწყვეტილება 1 მაისს აუქციონის გამართვის შესახებ. 

მოპასუხეები ამტკიცებდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოება სათანადოდ იყო ინფორმირებული და საშუალება ჰქონდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ვერ დაასახელეს ვერც ერთი წყარო, რომლითაც აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოების განსახილველად იყო გამოტანილი. როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია, რომ სამინისტრო აპირებდა აუქციონის გამოცხადებას ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე, ლიცენზიების დღევანდელ მფლობელებს გააჩნდათ. მაშინ როცა, დანარჩენმა დაინტერესებულმა საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ გაიგო. აღსანიშნავია, რომ 1 მაისს გამართულ აუქციონში მხოლოდ დღევანდელი ლიცენზიის მფლობელები მონაწილეობდნენ და აუქციონზე გამოტანილი თითო ლოტი ყველას შეხვდა . 

  1. ლიცენზიანტების მიერ ოცი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოსაპოვებელი კვოტების და მისგან გამომდინარე აუქციონის საწყისი ფასის დადგენის საფუძველი იყო 15-23 წლის წინ ჩატარებული ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის) მასალები, თუმცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ტყეთმოწყობა 10 წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს და მის გარეშე ტყით სარგებლობა დაუშვებელია. 
  2. ბიომრავალფეროვნების და ზოგადად გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მოპასუხეთა მტკიცება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ ლიცენზიის მფლობელი მოვალეა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში წარმოადგინოს საერთაშორისო სატყეო სამეურვეო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ “მენეჯმენტის პრინციპების საფუძველზე შედგენილი მართვის გეგმა”, რომელიც უნდა მოიცავდეს “ტყის მდგრადი განვითარების კომპონენტებს” (სტილი დაცულია). ეს მტკიცება ყველანაირ საფუძველსა და ლოგიკასაა მოკლებული, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის №203 დადგენილებით, ეს მოთხოვნა გაუქმებულია. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემს წინასწარ არ გამოუკვლევია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მასშტაბური დამზადების მიზანშეწონილობა გარემოსდაცვითი (ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის) კუთხით, უფრო მეტიც, ყურადღება არ მიაქცია გადაწყვეტილების მიღების დროს მათ ხელთ არსებულ მონაცემებს. 

სასამართლოზე სამინისტროს მტკიცებით, მაღალი გარემოსდაცვითი ღირებულების ადგილების გამოვლენა მოხდება ინვესტორის მიერ წარმოდგენილი მენეჯმენტის გეგმის საფუძველზე. დღემდე ასეთი გეგმა არ არის წარმოდგენილი, თუმცა ლიცენზიის აღებიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ამ დარღვევისა, მენეჯმენტის გეგმის წარმოდგენის ვადა გაგრძელდა 2009 წლის 1 იანვრამდე. ამდენად გაუგებარია, თუ რა იცავს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეებს ასეთი გეგმის წარმოდგენამდე. ამასთანავე, შემუშავებული მენეჯმენტის გეგმა, თუ ასეთი რამ ოდესმე შეიქმნა, დაეყრდნობა ლიცენზიანტის, ანუ დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ მონაცემებს. იმ პირობებში კი, როდესაც სამინისტრომ არ იცის ან არ უნდა იცოდეს ამ ტყეების რეალური ღირებულების შესახებ, დაინტერესებული მხარის – ლიცენზიის მფლობელის – მიერ შეფასებული რესურსის ათვისების გეგმა ვერანაირად ვერ ჩაითვლება გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის გარანტად. 

შეგახსენებთ, რომ მწვანე ალტერნატივას განცხადების საფუძველზე, ამ ლიცენზიების გაცემის კანონიერების საკითხი შეისწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა, სამართლიანად მიიჩნია მოთხოვნები და თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები არ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესი უპირატესია კერძო პირის ინტერესთან შედარებით და აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველის დასკვნაში აღნიშნულია, რომ “2008 წლის 3 აპრილის ევროკომისიის პირველ ანგარიშში (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის ანგარიშში) ცალსახად არის დაფიქსირებული ის გარემოება, რომ საქართველოში შეზღუდულია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა”.

მწვანე ალტერნატივას მიერ სასამართლოში წარდგენილი ახსნა-განმარტებებისა და მოპასუხეთა შესაგებლების სრული ტექსტები, ასევე სხვა მასალები, შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდებზე: greenalt.org;  www.forestgeo.net

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ყველაზე მასშტაბური აუქციონი ამა წლის 18 და 19 თებერვალს უნდა ჩაეტარებინა. აუქციონზე გატანილი იყო ტყითსარგებლობის 28 ლიცენზია საქართველოს 20 რაიონში; გასაცემი სატყეო ფართობები ჯამში 364 262 ჰა-ს შეადგენდა, მოსაპოვებელი წლიური კვოტა – დაახლოებით 400 000 კუბურ მეტს. 

მწვანე ალტერნატივამ დაგეგმილი აუქციონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სასამართლო სხდომა შედგა ამა წლის 5 თებერვალს, რომელზეც მოპასუხემ წარმოადგინა იმ დროისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩანტლაძის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ჩვენს მიერ გასაჩივრებული მინისტრის ბრძანებები.

ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება აუქციონის გაუქმების თაობაზე, სწორედ იმ მოსალოდნელი ეკოლოგიური და სოციალური საფრთხეების სრულად გაცნობიერების შედეგი იყო, რომლებზეც არაერთხელ მივუთითეთ და რაც გახდა სარჩელის შეტანის ძირითადი მიზეზი. თუმცა, აუქციონის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა აუქციონის გამართვა შემოდგომაზე, როცა საარჩევნო ციებ-ცხელება ჩავლილი იქნებოდა. ყურადსაღებია, რომ ამასობაში, ამა წლის მარტში გარემოსდაცვით უწყებას, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩამოერთვა ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის ფუნქცია და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამ უკანასკნელმა კი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ა.წ. 7 და 8 ოქტომბერს ხე-ტყის დამზადების ოცწლიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ახალი აუქციონი გაიმართება. გადაწყვეტილება აუქციონის ჩატარების შესახებ კვლავ გაუმჭვირვალედ და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიიღეს.

აღნიშნული პროცესის საკითხებს არ განეკუთვნება, მაგრამ საინტერესოა, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა მომავალ ლიცენზიანტებს სამინისტროში აუქციონამდე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არაერთმა თანამშრომელმა დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა. საინტერესო იქნება იმის გამოკვლევა, დაცულია თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მოთხოვნები, სადაც ნათქვამია, რომ „განთავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში ან საქმიანობას ეწეოდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე არ აქვს უფლება ასეთი დაწესებულებიდან ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი“.