შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს
მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილია მძიმე სიტუაცია, რომლის გადაჭრა მხოლოდ შეშის ვაუჩერების დარიგებით შეუძლებელია. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის საჩუქრის სახით შეშის ვაუჩერი ურიგდება. ვაუჩერი გულისხმობს თითოეული ოჯახისათვის 5 კუბური მეტრი შეშის ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის (10-15 ლარის) ანაზღაურებას. ასევე მოიხსნა ხე-ტყის დამზადებასა და ტყიდან ტრანსპოტრირებაზე დაწესებული 24 საათიანი ვადა.
საქართველოს მოსახლეობის შეშით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია არა საშეშე მერქნანზე ბუნებრივი მოსაკრებელის დიდი ფასის არსებობამ (რის დაფარვასაც გულიხმობს შეშის ვაუჩერი), არამედ სხვა მიზეზებმა. ეს მიზეზები, ერთის მხრივ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, „ხელოვნური შეზღუდვები იყო“: გაუმართავი ინსტიტუციური მოწყობა, დაგვიანებით გამოყოფილი ტყეკაფები , მოუხერხებელი ლეგალური პროცედურა; ხოლო მეორეს მხრივ, ზოგადად ქვეყანაში არსებული ინფლაცია და მაღალი ფასები. (შეშით მომარაგება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 მანქანა – 400-600 ლარი. აქედან ძირითად თანხას ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ხარჯები შეადგენს. ვაუჩერის მიღებით 1 ოჯახი მხოლოდ 10-15 ლარის ეკონომიას გააკეთებს, დანარჩენი თანხა კი კვლავ გადასახდელი ექნება).
ვაუჩერის დარიგება მხოლოდ მცირე შვება იქნება გლეხისთვის, მაგრამ ვერ გადაჭრის მოსახლეობის შეშით მომარაგების პრობლემებს. დღევანდელ სიტუაციაში, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ცნობით, შეშით უზრუნველყოფილია „მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი “ (ანუ სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი კარსმომდგარ ზამთარს უშეშოდ ხვდება), მთავარია არა შეშის ვაუჩერის მეშვეობით ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლისგან გათავისუფლება, არამედ ის, თუ რამდენად მოახერხებს ჯერ კიდევ უშეშოდ დარჩენილი მოსახლეობა შემოდგომის წვიმებისა და თოვლის პირობებში შეშის ფიზიკურად ტყიდან გამოტანას, ან აქვს თუ არა ის თანხა, რაც საჭიროა შეშის დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის (საშუალოდ 500 ლარი). მხოლოდ ვაუჩერის დარიგებამ ცივი ზამთრის საშიშროების წინაშე მდგარ მოსახლეობაში საკმაო გაღიზიანება გამოიწვია. 24 საათიანი შეზღუდვა 2 თვით ადრე რომ მოხსნილიყო, დღეისათვის უშეშოდ დარჩენილების ნახევარი მაინც მოახერხებდა მომარაგებას. ამდენად, იმისათვის, რომ რეალურად შესრულდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ „ზამთარში არავის არ უნდა შიოდეს და არავის არ უნდა ციოდეს“, სხვა, უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
სოფლის მოსახლეობის ტყის რესურსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ შეშის მომარაგებით შეფერხებაში არ გამოიხატება. ტყით სარგებლობის არსებულმა სისტემამ და წესებმა შეუძლებელი გახადა, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა ლეგალური გზით მოიპოვოს ტყიდან მასალა სახურავისა და ღობის შესაკეთებლად, ბეღლისა და ბოსლის გასამართავად, ვაზის ჭიგოსა და ლობიოს სარის დასამზადებლად. ლაპარაკი აღარაა სახლის ასაშენებლად, თუ შესაკეთებლად სამასალე მერქნის მოპოვებაზე. ასეთმა ლეგალურმა ბაზამ, ნაცვლად სოფლების გაძლიერებისა და ახალმოსახლეობისა, შესაძლებელია, მათი აყრა გამოიწვიოს.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭიროებებისა და საზოგადოების აზრის დროულად გათვალისწინება. მთავრობის ბოლო დროის პრიორიტეტი ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაყიდვით ბიუჯეტის მაქსიმალური შევსებაა, რამაც მეორე პლანზე გადასწია ყველა პრობლემა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი, ელემენტარული საჭიროებების დროულად დაკმაყოფილება.
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
სრულად იხილეთ ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ვებ გვერდზე: www.forestgeo.net
[1] სატყეო უბნები, სადაც დაშვებულია მერქნის მოპოვება
[2] საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდი; რელიზი/ 14 ნოემბერი 2007 / 22:44