გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობა

მწვანე ალტერნატივა გთავაზობთ ბლოგების სერიას, რომლის მიზანია, გავარკვიოთ, რა ზემოქმედება აქვს გარემოს დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, აგრეთვე, როგორ და რა გზებით არის შესაძლებელი დაბინძურების შემცირება.

პირველ ბლოგში მიმოვიხილავთ, რა არის დაბინძურება და რა გავლენა შეიძლება მას ჰქონდეს გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. შემდგომ ბლოგებში კონკრეტულ დამაბინძურებლებს, დაბინძურების ტიპებს და მათ ზეგავლენას შევეხებით.

საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გვაჩვენებს, რომ გლობალურად, 2002-2012 წლებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გადამდები, ნეონატალური და კვებასთან დაკავშირებული მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა და დაავადებები. თუმცა, სიკვდილიანობის და ავადობის წილი გაიზარდა არაგადამდებ დაავადებებში, რაც, ნაწილობრივ, მოსახლეობის დაბერებას უკავშირდება.

ამასთან, მკვლევართა აზრით, გლობალური სიკვდილიანობის 24% გამოწვეულია გარემოს შეცვლილი ფაქტორებით[2].

გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ტენდენცია დაავადებათა ჯგუფების მიხედვით, 2002–2012[1]

რა არის  გარემოს დაბინძურება

გარემოს დაბინძურება არის დედამიწისა და მისი ატმოსფეროს დაბინძურება იმ ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური კომპონენტებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას, გამრავლებასა და გადარჩენას. სწორედ ამ კომპონენტებს ეწოდებათ დამაბინძურებლები.

დამბინძურებლების ნაწილი, შეიძლება, გარემოში ბუნებრივად მოხვდეს –  მაგალითად, ფერფლი ვულკანის ამოფრქვევისას. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ადამიანის სხვადასხვა საქმიანობის შედეგია. მაგალითად: ქვანახშირისა და ბენზინის წვა, ქიმიური ინდუსტრიის ნარჩენების  მდინარეებსა და ოკეანეში ჩაშვება და სხვა. დამაბინძურებლები უარყოფითად ზემოქმედებენ ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხზე, ასევე ლანდშაფტზე.

გარემოს დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების ცვლილება, ან  მათი დეგრადაცია – ანუ, თანდათანობით გაუარესება.
  • ველური ბუნების, ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება.
  • ხმაურმა, არასასიამოვნო სუნმა და გემომ და სინათლით დაბინძურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ცირკადული რიტმის – ანუ, ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი რიტმის დარღვევა და სხვადასხვა დაავადება.

გარემოს დამაბინძურებლებიერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, იშლება თუ არა ისინი გარემოში, ან რამდენად იშლება.ბიოდეგრადირებადი დამაბინძურებლები მავნე ნივთიერებებია, რომლებიც შეიძლება ბუნებრივი პროცესების შედეგად დაიშალოს. მაგალითად, ასეთებია ექსკრემენტები და ქაღალდი. არადეგრადირებადი დამაბინძურებლები კი, მაგალითად, მომწამვლელი ქიმიური ელემენტები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი – იმ მავნე ნივთიერებებს მიეკუთვნება, რომლებიც ბუნებრივი პროცესების შედეგად არ იშლება.

დამბინძურებლები  შეიძლება წარმოიქმნას ორი ტიპის წყაროდან, რომლებსაც „წერტილოვან“ და „არაწერტილოვან“ წყაროებად ყოფენ. დაბინძურების წყაროების ტიპის  განსაზღვრა  მნიშვნელოვანია  მათთან ბრძოლის მექანიზმების განსაზღვრისთვის.

მაგალითად, თბოელექტროსადგურის, ან სამრეწველო ქარხნის საკვამური, ან საწარმოს გამონამუშევარი წყლის მილი დაბინძურების წერტილოვანი, სტაციონარული წყაროებია. ავტომობილის გამონაბოლქვი, პესტიციდების მიწის ზედაპირიდან ჰაერში გავრცელება, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან, გაზონებიდან, ბაღებიდან, თუ გოლფის მოედნებიდან სასუქებისა და პესტიციდების ჩარეცხვა მდინარეებსა და ტბებში კი ითვლება დაბინძურების მოძრავ, ანუ არაწერტილოვან წყაროებად.

მოძრავი წყაროები გაფანტულია და, ხშირად, მათი იდენტიფიცირება რთულია. ბევრად მარტივი და იაფია დაბინძურების წერტილოვანი წყაროების გამოვლენა და კონტროლი, ან მათ მიერ გამოწვეული დაბინძურების თავიდან აცილება.

გარემოს დაბინძურება შეიძლება ასევე მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მაგალითად, შეშის წვისას ჰაერში წარმოქმნილი დიოქსინებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მომწამვლელი დამაბინძურებელია. დაბინძურება ხდება, სინათლით, ხმაურით, სითბური სახითაც.

მაგალითად, წყლის დაბინძურება არა მხოლოდ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ. არსებობს წყლის სითბური დაბინძურებაც: ეს შეიძლება მოხდეს თბოელექტროსადგურების შემთხვევაში, როდესაც წყალი გამოიყენება გასაგრილებლად და გამთბარი წყალი მდინარეში ბრუნდება. ამ პროცესის შედეგად, ეკოსისტემაში წონასწორობა ირღვევა: ზოგიერთი თევზი წყვეტს გამრავლებას, იწყება წყალმცენარეების ყვავილობა, რაც, თავისთავად, უარყოფითად ზემოქმედებს წყლის ეკოსისტემაზე და წყლის ხარისხზე.

ღამით დიდი რაოდენობით ხელოვნური სინათლე იწვევს გარემოს სინათლით დაბინძურებას. ეს ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ღამის ცხოველების საარსებო გარემოზე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზეც: არღვევს ცირკადულ რიტმებს, მელატონინის სინთეზს და ზოგადად, ხელს უწყობს ძილის დარღვევებს.

გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლა

გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: მისი  აღმოფხვრა, ან თავიდან აცილება.

თუ  მეტალურგიული ქარხანა მილიდან კვამლს აფრქვევს,  ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა ორგვარად შეგვიძლია:  პირობითად, „საკვამური მილის ბოლოდან“, ან „საკვამური მილის თავიდან“.

დავსვათ ორი, განსხვავებული კითხვა:

  • როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ გამონაბოლქვი?
  • როგორ შეგვიძლია გამონაბოლქვის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან?

ამ კითხვებზე პასუხი პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზას გვთავაზობს. ორივე – დაბინძურების პრევენციაც („დაბინძურების შემცირება საკვამური მილის თავში“) და  აღმოფხვრაც („დაბინძურების შემცირება საკვამური მილის ბოლოში“),  საჭიროა.

თუმცა, მდგრადი განვითარების პრინციპები, გარემოს დაცვის სფეროს მეცნიერები და ეკონომისტების ნაწილი მოგვიწოდებენ, აქცენტი პირველზე – პრევენციაზე გავაკეთოთ, რადგან ეს მიდგომა ბევრად უკეთ მუშაობს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, აღმოფხვრაზე იაფია.

მეორე გზა – დაბინძურების აღმოფხვრა, გარემოს დამაბინძურებლებისგან „გაწმენდას“, ან მათ განზავებას გულისხმობს, მას შემდეგ, რაც ისინი გარემოში უკვე მოხვდებიან. ეს მიდგომა არაერთი პრობლემით ხასიათდება, რადგან:

  • წლიდან წლამდე იზრდება მოსახლეობის რაოდენობა და მოხმარების მასშტაბი, მაგრამ ზრდის ამ ტემპს დაბინძურების კონტროლის ტექნოლოგიების განვითარება ვერ ეწევა და მისი პირდაპირპროპორციული არ არის. მაგალითად, ავტომანქანის გამონაბოლქვის მილზე კატალიზური გარდამქმნელის (კონვერტერის) დამატებით შესაძლებელი გახდა ჰაერის დაბინძურების გარკვეული ფორმების შემცირება. თუმცა, ამავდროულად, ავტომანქანების მზარდი რაოდენობა და მათ მიერ დაფარული მანძილის ზრდა, დაბინძურებასთან გამკლავების ამ საშუალების ეფექტურობას ამცირებს.
  • ხშირად, გარემოს ერთ ადგილას დაბინძურების აღმოფხვრა მას მეორეგან იწვევს: მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ნარჩენი, მაგრამ შემდეგ ის ან უნდა დაიწვას (რამაც, შესაძლოა, ჰაერის დაბინძურება და ტოქსიკური ფერფლის წარმოქმნა გამოიწვიოს), განთავსდეს მიწის ზედაპირზე, ნაგავსაყრელზე (რამაც, შესაძლოა, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლის დაბინძურება გამოიწვიოს), ან დაიმარხოს (რამაც შესაძლოა ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლის დაბინძურება გამოიწვიოს).

როგორც კი გარემოში გაფანტული დამაბინძურებლების დონე საშიშ ზღვარს მიაღწევს, მათი კონცენტრაციის დასაშვებ დონემდე შემცირება ძალზე ძვირი, ან შეუძლებელი ხდება.

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლი 191 (2) განსაზღვრავს ოთხ ძირითად გარემოსდაცვით პრინციპს,  რომელსაც ევროკავშირის  გარემოსდაცვითი პოლიტიკა და სამართალი უნდა დაეყრდნოს. ესენია:

  • სიფრთხილის პრინციპი, რომელიც მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, იმ შემთხვევაშიც კი იმოქმედოს, თუ რისკი სრულად იდენტიფიცირებული არ არის.
  • პრევენციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს გარემოსდაცვითი ზიანის, მაგალითად, ჰაერის, წყლის, დაცული სახეობებისა, თუ ბუნებრივი ჰაბიტატების დაზიანების საერთოდ თავიდან აცილებას და არა უკვე შემდგომ მასზე რეაგირებას.
  • დაბინძურების მის წყაროშივე აღმოფხვრის  პრინციპი, მოითხოვს გარემოსთვის მიყენებული ზიანის  აღმოფხვრას მისი აღმოცენების წყაროშივე.
  • პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, რომლის თანახმადაც, დაბინძურების მართვის ხარჯები დამაბინძურებელს ეკისრება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დაბინძურების შესამცირებლად.

ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობისგან დაბინძურების შემცირებას, პრაქტიკულად, ყველა სექტორში ითხოვს. მათ შორისაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სხვა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2014-2020 წლებში,  საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, მათ შორის, კანონში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ; შემუშავდა და დამტკიცდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი; ნარჩენების მართვის კოდექსი,  მიმდინარეობს მუშაობა წყლის შესახებ  კანონსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობაზე. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ რეგულაციებს შეუსაბამოს, თუმცა, ეს პროცესი ნელა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობებით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იაზრებდეს, რა უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს გარემოს დაბინძურებას მისი და მისი შვილების ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ გარემოზე, ეკონომიკაზე, ქვეყნის ბიომრავალფეროვნებასა თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე და მკაცრად ითხოვდეს მთავრობისგან, როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებას.

შემდეგ ბლოგებში განვიხილავთ საქართველოში გარემოს  დაბინძურების კონკრეტულ შემთხვევებს დაფორმებს და მათ ზეგავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე.

[1] წყარო: საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEHAP-2)
[2] Preventing disease through healthy environments: A global assessment of the burden of disease from environmental risks, A Prüss-Ustün, J Wolf, C Corvalán, R Bos and M Neira, World Health Organization 2016
სტატია მოამზადა მწვანე ალტერნატივამ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში”– ფარგლებში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მწვანე ალტერნატივას პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ფონდი „ღია საზოგადოება-საქარ-თველოს” შეხედულებათა ამსახველად.