2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა.

ზემო აღნიშნული წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 მარტის სხდომის ოქმის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება კანონით არის დასაშვები და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის #1, #2, #3 ბრძანების ასლები, ამასთანავე ორგანიზაციას განემარტა, რომ "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

2013 წლის 20 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ კვლავ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა: 1. "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის მისაღებად სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილების ასლების მოწოდება; 2. მწვანე ალტერნატივას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიის შესახებ ინფორმაცია; 3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად, კი მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროს არ მიუმართავს ინფორმაციის მესაკუთრისათვის თანხმობის მიღების მიზნით, რადგან აღნიშნულის ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს არ ეკისრება და რომ მწვანე ალტერნატივას მიერ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მითითების შემთხვევაში სამინისტრო მზად არის გამოითხოვოს მოცემული თანხმობა. ასევე ორგანიზაცია კვლავ დამატებით განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოობა "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლით პირდაპირ არის გათვალისწინებული და რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე ასოციაციის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე მწვანე ალტერნატივამ 2013 წლის 12 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  და მოითხოვა  დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მწვანე ალტერნატივას მიერ 2013 წლის 2 აგვისტოს და 20 აგვისტოს განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი 1. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 02 აგვისტოს #04/02-152 განცხადება;

დანართი 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 14 აგვისტოს #1505 წერილი;

დანართი 3. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 20 აგვისტოს #04/02-153 განცხადება;

დანართი 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 23 აგვისტოს #1644 წერილი;

2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა.

ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი

2013 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მიიღო მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის #253-ე ბრძანება

მწვანე ალტერნატივამ  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 10 ოქტომბრის #253 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.