2020 წლის 17 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების კანონდარღვევით მიმდინარეობის აღსაკვეთად ზომების მიღება მოსთხოვა. 

2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. 2020 წლის 7 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება”.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, მათ შორის: 

» დანართის #9.2. საქმიანობა – 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის და არა მხოლოდ, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა);

» დანართის #11.4. საქმიანობა – 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის და არა მხოლოდ, ატრაქციონების პარკის) გაშენება.

ამდენად, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სკრინინგის პროცედურის გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების წარმოება ეწინააღმდეგება კანონს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია აღკვეთოს ეს კანონდარღვევა.

მწვანე ალტერნატივას საჩივარი