კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირი: გურიის მაგალითი

კვლევა მიზნად ისახავდა გამოევლინა კლიმატის კრიზისსა და ადამიანის გარემოში ჩარევას შორის ურთიერთმიმართება გურიის რეგიონის მაგალითზე. გურიის შესწავლა კვლევისთვის საინტერესო იყო რეგიონში კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული კატასტროფების გაზრდილი მასშტაბებისა და რეგიონის მდინარეებზე აქტიური ქვიშა-ხრეშის მოპოვებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების გამო. კვლევა ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს: როგორ ამწვავებს კლიმატის ცვლილება სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს გურიის საკვლევ არეალებში, იქ სადაც გარემოზე ნეგატიური საქმიანობა ინტენსიურია? როგორ აისახება ეს ზიანი ადგილობრივ მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოზე? როგორია ადგილობრივი მოსახლეობის პერსპექტივები კლიმატის ცვლილების, სტიქიური მოვლენებისა და ანთროპოგენური ჩარევების შესახებ? ხედავენ თუ არა ისინი ამ მოვლენათა მიზეზშედეგობრივ კავშირებს, თუ ხედავენ, როგორ აღწერენ ამ კავშირებს და გამოსავალს? Როგორ შეიძლება შეფასდეს ეკოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევის პრიზმიდან საკვლევ არეალებში ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება; რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ეკოსისტემებისა და თემების მედეგობის გასაზრდელად? 

კვლევა ჩატარდა 2025 წლის იანვარსა და თებერვალში, უშუალოდ საველე სამუშაოები კი – თებერვლის თვის დასაწყისში. კვლევა მოიცავს როგორც არსებული ლიტერატურის, კვლევების და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების, ასევე ემპირიული მონაცემების ანალიზს. მონაცემების შეგროვება-ანალიზისთვის გამოყენებულია ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომები.