შენიშვნები და რეკომენდაციები შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ მიერ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუხრაზე, 4.65 მგვტ სიმძლავრის „მუხრა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუხრაზე დაგეგმილი „მუხრა ჰესის“ (4,65 მგვტ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (სამ ტომად) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ანგარიშის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა არაერთი კრიტიკული ხარვეზი და შეუსაბამობა საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებთან. დოკუმენტი ვერ პასუხობს მთავარ კითხვებს პროექტის რეალურ საჭიროებაზე, მის გარემოსდაცვით და კუმულაციურ ზემოქმედებაზე, პროექტი ფრაგმენტირებულია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მასზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზანშეწონილობას.