მწვანე ალტერნატივა შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ უკანონოდ აშენებული სალექარის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მოსარჩელე : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მესამე პირი : ,
  • მოსამართლე : მერი გულუაშვილი
  • საქმის ნომერი : №3/9359-19

დავის არსი :

2019 წლის აპრილში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

2019 წლის 12 აპრილს სოფელ ბექთაკარში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის განხილვა, რომელსაც მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საპროექტო ტერიტორიის დათვალიერების შედეგად გაირკვა არ ემ ჯი აურამაინს არა თუ დაგეგმილი, არამედ უკვე დამთავრებული ჰქონდა მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ მწვანე ალტერნატივამ მინისტრს აცნობა და შესაბამისი ნებართვის გარეშე სალექარის მშენებლობის ფაქტისა და სკოპინგის დასკვნის მოტყუებით მოპოვების  მცდელობის გამოძიება მოითხოვა. სამინისტროს მიერ ადგილზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, გარდა ჩვენს მიერ მითითებული უკანონო მშენებლობისა, დაფიქსირდა არაერთი სხვა სამართალდარღვევა, რომელთა შესახებ შემდგარი ოქმი განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. თუმცა, სამინისტრომ არაფერი გააკეთა შპს არემჯი აურამაინის მიერ სამინისტროსა და საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ბექთაქარის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი რეზერვუარი-სალექარისათვის თაღლითობის გზით სკოპინგის დასკვნის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ დაგეგმილ საქმიანობებზე ითვალისწინებს, 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N2-1010 „შპს „არ ემ ჯი აურამაინ“-ის ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილება არამარტო ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, არამედ უკანონო ქმედებების დაკანონების სახიფათო პრეცენდენტს ქმნის.

2019 წლის 25 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით დმინისტრაციული საჩივრით საქართველოს მთავრობას მიმართა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა პასუხისმგებლობას და საჩივარი განუხილველი დატოვა.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, 2020 წლის 6 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სკოპინგის დასკვნის დამტკიცების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის   N2-1010 ბრძანებისა და მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მასალები :