თბილისის მეტროს ვაგონების შესაძენად EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხა კრემლთან დაკავშირებული პირებისკენ მიედინება

  • მარიამ ფაცაცია

თბილისის მერიას რუსული კომპანია “მეტროვაგონმაშისგან” მეტროს ვაგონების შეძენაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ეხმარება.  

საგულისხმოა, რომ “მეტროვაგონმაში” არ არის რიგითი რუსული კომპანია.  

კავშირები კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 

“მეტროვაგონმაში” უფრო დიდი კომპანიის “ტრანსმაშჰოლდინგის” ნაწილია, რომლის მეწილეებიც კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი არიან. 2015 წელს ბოკარევი და მახმუდოვი ჟურნალ “ფორბსის” რუსულენოვანმა გამოცემამ “სახელმწიფო შესყიდვების მეფეებად” დაასახელა, მას შემდეგ რაც მათ საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა ასეულობით მილიარდი რუბლის ღირებულების ტენდერებში მოიპოვეს გამარჯვება. 2017 წლამდე, მახმუდოვი და ბოკარევი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილე ალექსეი კრივორუჩკოსთან ერთად, ფლობდნენ წილებს “კალაშნიკოვის კონცერნში,” რომელიც რუსული იარაღების დაახლოებით 95 პროცენტს აწარმოებს

გარდა ამისა, “ტრანსმაშჰოლდინგის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია რუსული სამხედრო ხომალდებისთვის ძრავების წარმოებითაა დაკავებული. ამაზე საუბარია შვილობილი კომპანიის 2018 და 2019 წლების წლიურ ანგარიშებში. მართალია, შემდგომ წლებში ეს ჩანაწერი ქრება, მაგრამ, საგულისხმოა, რომ 2021 წელს, “ტრანსმაშჰოლდინგმა” ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოება სცადა Rolls-Royce-ისგან ნორვეგიული Bergen Engines-ის შესყიდვის გზით. თუმცა ნორვეგიის მთავრობამ არ დაუშვა Bergen Engines-ის რუსულ კომპანიაზე გასხვისება. 2021 წლის 23 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ განმარტა, რომ Bergen Engines-ის მიერ წარმოებულ ძრავებს დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა რუსეთისთვის და გააძლიერებდა მის სამხედრო შესაძლებლობებს. სამინისტროს აზრით, აღნიშნული გამორიცხავდა კომპანიის გასხვისებას  “ნორვეგიისა და მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის ინტერესების წინააღმდეგ.“ 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების დღეს, ანდრეი ბოკარევი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მიწვეულ ოლიგარქებს შორის. რუსეთის თავდასხმის შემდგომ, ბოკარევი და მახმუდოვი უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ დასანქცირდნენ.  

EBRD-ისა და თბილისის მერიის აუხსნელი გადაწყვეტილება 

თბილისის მეტროს პროექტმა, რომელიც მწვანე კლიმატის ფონდისა და EBRD-ის მიერ არის თანადაფინანსებული, ბანკისგან სესხი 2020 წელს მიიღო. რუსული კომპანია კი ორდონიან ტენდერში მიმწოდებლად 2021 წელს შეირჩა. უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდგომ, საერთაშორისო კონტექსტის ცვლილებასთან ერთად, “მეტროვაგონმაშთან” მიმდინარე შესყიდვის პროცედურები  შეჩერდა.   

2022 წლის მარტში, EBRD-მა კომპანიასთან ანგარიშსწორება შეაჩერა სანქციების რისკის გამო. 2022 წლის ნოემბერში, თბილისი მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა და ბანკმა ერთობლივად მიიღეს კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება და დაიწყეს ალტერნატიულ კომპანიებთან კომუნიკაცია.    

მიუხედავად ამისა, 2023 წლის თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ “მეტროვაგონმაში” პროექტის მიმწოდებლად რჩებოდა. აღნიშნული თბილისის ვიცე-მერმა რუსული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ხელმისაწვდომობით ახსნა. ამბის გავრცელებიდან მეორე დღეს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მერია იძულებული გახდა გაეგრძელებინა “მეტროვაგონმაშთან” თანამშრომლობა, რათა ქვეყნისთვის ჯარიმები და ფინანსური სანქციები აერიდებინა. თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია ვისგან ემუქრებოდა საქართველოს დაჯარიმება ან დასანქცირება. რუსულ კომპანიას თბილისის მერია 49.2 მილიონ ევროს გადაუხდის 44 ვაგონის (11 შემადგენლობის) შესაძენად. აღსანიშნავია, რომ მერიის თქმით, კომპანიასთან არსებული კონტრაქტი გადაიხედა და ფინანსური ანგარიშსწორება მხოლოდ ვაგონების მიღების შემდეგ მოხდება.   

EBRD-ს მოვუწოდებთ შეწყვიტოს “მეტროვაგონმაშთან” არსებული კონტრაქტი და განაგრძოს პროექტი ალტერნატიულ მიმწოდებელთან.

მიუხედავად, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების არაერთი მცდელობისა, EBRD-ს დღემდე არ გაუცია პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე.

მწვანე ალტერნატივა და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი EBRD-ისგან ვითხოვთ, განმარტოს: 

  • Რატომ რჩება “მეტროვაგონმაში” დღემდე პროექტის მთავარ მიმწოდებლად; 
  • შეაფასა თუ არა ბანკმა პროექტის მთავარ მიმწოდებელთან, ასევე მიწოდების ჯაჭვთან, დაკავშირებული რისკები EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად; 
  • სრულად გამოიკვლია თუ არა მიმწოდებლის საქმიანობა და კავშირები, მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში და გარემოსდაცვითი, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები; 
  • Რა იცის ბანკმა იმ ფინანსური ზარალის, სანქციების ან ჯარიმის შესახებ, რომელიც შეიძლება დაუწესდეს თბილისის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში და ვის მიერ. 

2022 წლის აპრილში EBRD-ის მმართველთა საბჭომ რუსეთის მიერ ბანკის რესურსების გამოყენება აკრძალა. ამასთან, ბანკმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროექტების შემთხვევაში ის იტოვებდა თანხების გაცემის შეჩერებისა და შეწყვეტის უფლებას.

EBRD ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც ბანკი უკრაინას ომის ფონზე უწევს, თუმცა ქმედებები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს აგრესორი სახელმწიფოს ხაზინის შევსებას, ძირს უთხრის და აფერხებს ამ ძალისხმევას. მსგავსი გადაწყვეტილებები საეჭვოს ხდის EBRD-ის ერთგულებას უკრაინის მიმართ და რუს მიმწოდებლებთან დაკავშირებული პროექტების მომავალ სტატუსს. 

დედაქალაქისთვის მეტროს ვაგონების შეძება არ უნდა იქცეს მორალურ დილემად არც თბილისელებისა და არც ევროპელი გადასახადების გადამხდელებისთვის.