დავა ჯორჯიან მანგანეზის საწარმოს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის აუდიოჩანაწერისათვის

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის არსი:

2023 წლის 5 ოქტომბერს ქ. ჭიათურასა და სოფ. ზოდში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები ჩატარდა. საწარმოს ფუნქციონირებისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2017 წელს გაიცა. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საწარმოში განთავსდა ახალი გადამამუშავებელი საწარმოს ტექნოლოგიური დანადგარები და საწარმოს ექსპლუატაციის გაშვების პროცესში დადგინდა, რომ საწარმო ვერ აღწევს საპროექტო სიმძლავრეს, გარდა ამისა მიღებული კონცენტრატის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საწარმოო-ჩამდინარე წყლის გაწმენდის ტექნოლოგიამ, რომელიც შემოთავაზებული იყო 2017 წლის გზშ-ის ანგარიშში, ვერ უზრუნველყო წყლის სათანადოდ გაწმენდა და საწარმოში 7-ის მაგივრად, 9 სექციიანი სალექარი განთავსდა, გარდა ამისა, საწარმოო-ჩამდინარე წყლის გაწმენდის შემდეგ მიღებულ შლამებში, წყლის პროცენტული შემცველობის შესამცირებლად საწარმოში საჭირო იყო საწარმოო-ჩამდინარე წყლის გაწმენდის და შლამების შესქელების ახალი ტექნოლოგიის დანერგვა. გადაიარაღებას საჭიროებდა მანგანუმის კონცენტრატის მისაღებად დამონტაჟებული ტექნოლოგიური ხაზი, რომელზეც ვერ ხერხდება შესაბამისი ხარისხის კონცენტრატის მიღება.

საჯარო განხილვები დაგეგმა და ჩაატარა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა.

„მწვანე ალტერნატივამ“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსთხოვა 2023 წლის 5 ოქტომბერს ქ. ჭიათურასა და სოფ. ზოდში ჩატარებული სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების აუდიოჩანაწერები. პასუხად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მწვანე ალტერნატივას გადასცა მხოლოდ საჯარო განხილვების შესახებ ოქმები და აცნობა, რომ საჯარო განხილვის სხდომის აუდიო ჩაწერა ხორციელდება ოქმის სისწორის უზრუნველყოფის მიზნით.

“მწვანე ალტერნატივამ“ განუმარტა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, რომ აუდიოჩანაწერის წარმოება არ არის ცენტრის წარმომადგენელის კეთილი ნება, ან სამუშაოს გაადვილების შესაძლებლობა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო განხილვის წესის მიხედვით, „ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიო ჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას“. ამდენად ორგანიზაცია ითხოვდა საჯარო განხილვის აუდიოჩანაწერს, რომელიც არის საჯარო უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია და ყველას აქვს მისი მოთხოვნის უფლება. განმარტება არ აღმოჩდა დამაჯერებელი ცენტრისათვის, შესაბამისად, „მწვანე ალტერნატივამ“ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უარი.

გადაწყვეტილება :

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით განუმარტა, რომ სამინისტრო არ წარმოადგენს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი; და „მწვანე ალტერნატივას“ შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მასალები :