გურიის მოსახლეობის ხმა კლიმატის ცვლილების, გარემოზე ადამიანის ზემოქმედებისა და სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე

გურიაში აქტიურად განიხილავენ ადამიანის უარყოფით გავლენას გარემოზე და მის კავშირს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებთან. სტიქიური უბედურებები, ადგილობრივების დაკვირვებით, პირველ რიგში,  ქვა-ხრეშის  მოპოვებას უკავშირდება.

ადგილობრივები, რომლებიც ქვა-ხრეშის უკანონო და უკონტროლო მოპოვებასთან დაკავშირებულ პროტესტში იყვნენ ჩართულები, აღნიშნავენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მოსახლეობის ნაწილი ცდილობს არ ისაუბროს ღიად და არ დაადანაშაულოს კომპანიები, რადგან

(i) სალიცენზიო კომპანიები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან;

(ii) მოსახლეობას ეშინია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო, შესაძლოა ისინი განსახლების პროგრამაში ვერ მოხვდნენ;

(iii) არსებობს პროტესტის მონაწილეთა ოჯახების დაშინების მცდელობის გამოცდილება.

„წლების წინ, რომ მოღამდებოდა, შორიდან გვესმოდა გუგუნი. აფეთქებდნენ პატარა გორა იყო, თუ მიწის შიგნით, რომ კარგი მასალა გამოეტანათ, ალბათ. მერე ბიჭები ღამე უთვალთვალებდნენ ამ ადგილებს და აკუმულატორები წამოიღეს იქიდან და მომკითხავი არავინ ჰყავდა მერე.“ [ადგილობრივი, ხორეთი]

„ადამიანს ყველაფერი არ უნდა დაბრალდეს. ბუნება ეგეთია, არ იცი როდის რას იზამს, მაგრამ ადამიანმაც არ უნდა შეუწყოს ხელი. იმ კომპანიას არ აინტერესებს, წაიღებს მიწას, გაიტანს და შენ აღარ აინტერესებ. ჩვენ აქ ვრჩებით ასე. აქ მდინარეს ვერაფერი გააკავებს, რომ ადიდდეს, ტყე გაჩეხილია, მიწა გატანლია. გადმოვა და წაიღებს ყველაფერს“. [ადგილობრივი, ნაგომარი].

გურიის სოფლებში მოსახლეობა ფიქრობს, რომ სტიქიურ მოვლენებსა და მის მძიმე შედეგებს, კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის გარემოზე ნეგატიურ გავლენასთან ერთად, სახელმწიფოს უმოქმედობა ამწვავებს. 

ადგილობრივები იხსენებენ „დიდს მეწყერს“, 2023 წლის სტიქიას, რომელსაც სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მათი თქმით, ადამიანური მსხვერპლი, არა მეწყრის, არამედ სახელმწიფოს უყურადღებობით იყო განპირობებული.

„…წვიმით სულ წვიმდა, მაგრამ ისე არასდროს უწვიმია, როგორც იმ ღამეს, 83 წლის ვარ, და სულ აქ მიცხოვრია. მე ვიცოდი, რომ უბედურება დაგვატყდებოდა და მაგ წვიმას ვერ გაუძლებდა ჩვენი მიწა. ყველამ ვიცოდით ეს იმ ღამეს. ჩაიხედონ გულებში და თქვან. ეგრე იყო. ყურადღება გვჭირდებოდა იმ ღამესვე და არა რომ გადაიღო მერე.“ [ადგილობრივი, ხორეთი]

მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია განსახლების პოლიტიკაზე საუბარი. ბევრი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ თავის საცხოვრისს უსაფრთხოდ არ თვლის, განსახლების პროგრამაში ვერ ხვდება. თუმცა, ახალი ცხოვრების დაწყებას ვერც განსახლების პროგრამაში მოხვედრილი ადამიანები ახერხებენ. ცოტას თუ გაუმართლა და ფინანსური, ადამიანური თუ სხვა კაპიტალის დახმარებით შეძლო საკუთრების შეძენა, ნაწილი უკან სოფელში დაბრუნდა, ნაწილი კი ემიგრაციაში წავიდა.

ადგილობრივები გამოხატავენ სურვილს ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მათ შორის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიებთან და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე განსახლების პოლიტიკის შემუშავებაში, რათა მათი საჭიროებები და რეალობა აისახოს სტრატეგიებსა და პროგრამებში.