რა არის ენერგოეფექტურობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის

  • დათო ჭიპაშვილი

ენერგოეფექტურობა არის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ნაკლები ენერგიის დანახარჯით იღებს მაქსიმალურ შედეგს. ენერგოეფექტური ღონისძიებები მოიცავს:

  • განათების სისტემების ჩანაცვლებას ახალი LED-განათებებით, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით რამდენჯერმე ამცირებს ენერგიის მოხმარებას;
  • შენობა-ნაგებობების დათბუნებას და ენერგიის დანაკარგების შემცირებით ენერგიის მოხმარების შემცირებას;
  • საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებას, რაც შეამცირებს მოხმარებული ენერგიის რაოდენობას, სათბური აირების გაფრქვევებს და ამ საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.

ენერგოეფექტურობა ამცირებს იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე (ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ა.შ.) დამოკიდებულებას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის, ისე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

ენერგოუსაფრთხოებაში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ევროკავშირი ახალი გენერაციის ობიექტის საპირწონედაც კი განიხილავს, რადგან ანაცვლებს ახალი ენერგოობიექტის მშენებლობის საჭიროებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის მონაცემებით, არსებულ შენობა-ნაგებობებში გათბობა-გაგრილებაზე ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების შემდეგ, მინიმუმ 40% ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი.

ენერგიის დაზოგვის დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ტრანსპორტის სექტორშიც, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული იმპორტირებულ წიაღისეული საწვავის მოხმარებასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება სატრანსპორტო საშუალებების შემცირებაზე.

რა კეთდება საქართველოში ენერგოეფექტურობის მიმართულებით

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ენერგოეფექტურობის მიმართულებითაც განისაზღვრა გარკვეული მიზნები და ამოცანები. დოკუმენტი ზოგადად განსაზღვრავს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან, თუმცა შინაარსობრივად, ენერგოეფექტურობის ხელშესაწყობად, მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები დოკუმენტში მხოლოდ ზოგადად არის განსაზღვრული.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ენერგომახმარების შემცირების დაგეგმვის ნაცვლად, აპირებს ენერგომოხმარების გაზრდას თითქმის სამჯერ. საპირისპიროდ, დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია გაზიფიკაციის პროცესზე და ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით

აუცილებელია, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებულ გეგმაში განისაზღვროს ბევრად ამბიციური მიზნები და ამოცანები ენერგოეფექტურობის მიმართულებით, სადაც აქცენტი გაკეთებული იქნება ენერგიის მოხმარების შემცირებაზე და არა გაზრდაზე;

გაზიფიკაციის უსარგებლო პროცესისა და მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაცვლად, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებზე და საჭირო ფინანსური რესურსები მიემართოს ამ მიმართულებით, რათა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება, რაც საბოლოოდ გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.