საქართველოს გაზმომარაგების სექტორი: საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა და გაზიფიკაციის პროცესის ფარული ფასი

საქართველოს ენერგეტიკული სისტემის პირველადი ენერგომომარაგების 79% იმპორტზეა დამოკიდებული. ენერგეტიკული კალათის თითქმის ნახევარი მოდის იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე და ამ დროს ქვეყანა ამ დამოკიდებულების შემცირების ნაცვლად, ირჩევს მის გაღრმავებას, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს. 

2017 წელს ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრობით საქართველომ კონკრეტული ვალდებულებები აიღო — გაეხსნა ბაზარი, გაემიჯნა ქსელის ოპერირება კომერციული საქმიანობისგან, დაენერგა გამჭვირვალე სატარიფო სისტემა. თითქმის ათი წლის შემდეგ, ენერგოგაერთიანების სამდივნოს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში გაზის სექტორის შესაბამისობა ევროკავშირის რეგულაციებთან 20%-ს არ სცილდება. გადაცემის სისტემის ოპერატორი (GGTC) დღემდე სერტიფიცირებული არ არის. განაწილების სისტემის ოპერატორების ფუნქციური გამიჯვნა/განცალკევება — 8%-ის ნიშნულზეა გაჩერებული. ბაზარზე შესვლა-გასვლის სატარიფო მეთოდოლოგია არ არსებობს. ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ კი ფორმალური ნაბიჯების მიღმა პრაქტიკული შედეგი სიმბოლურია: გაზის საბითუმო ვაჭრობა ექსკლუზიურად ორმხრივი ხელშეკრულებებით ხორციელდება, ხოლო SOCAR-თან აფილირებული კომპანიები 90-მდე ლიცენზიანტისგან შემდგარი ბაზრის კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ოლიგოპოლიაში დომინანტური პოზიციებით სარგებლობენ.

წინააღმდეგობრივია 2024 წელს დამტკიცებული ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (NECP) მიზნებიც: 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალურობა და პარალელურად ქვეყნის სრული გაზიფიკაცია. ენერგოგაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციები (4/2023), რომლებიც ამ წინააღმდეგობაზე პირდაპირ მიუთითებდა და ფუჭი აქტივების (stranded assets) დაგროვების კონკრეტულ რისკებს ასახელებდა, NECP-ის საბოლოო ვარიანტში არსებითად გათვალისწინებული არ არის. შედეგად, ქვეყანა დღეს ინვესტიციებს დებს ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომლის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა ევროპული კლიმატური პოლიტიკის პირობებში სერიოზულ ეჭვქვეშ დგას.

წინამდებარე ნარკვევის ფარგლებში შესწავლილი 50-მდე საპროექტო დოკუმენტი და მათზე დაყრდნობით ჩატარებული დამოუკიდებელი ჰიდრავლიკური გადათვლების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გაზიფიკაციის პროგრამას საფუძვლად ხარვეზიანი პარამეტრები უდევს. ყველა გაანალიზებულ პროექტში გათბობის ფართობი ერთ კომლზე 35 მ²-ით არის განსაზღვრული. იმის გათვალისწინებით რომსაქართველოს სოფლებში სტანდარტული სახლი 60-დან 350 კვადრატულ მეტრამდეა, ეს მაჩვენებელი აჩვენებს საპროექტო გათვლების სერიოზულ ხარვეზს. ქსელი, რომელიც 35 მ²-იანი სახლის გათბობაზეა გათვლილი, ვერ მოემსახურება 100 მ²-იანი სახლის გაზის ქვაბს — განსაკუთრებით მაშინ, თუ “ჩიხში” 3-4 სახლი ერთდროულად ჩართავს ქვაბებს. ამას ემატება ნაკერიანი მილების გამოყენება, რომელიც მოქმედი სამშენებლო ნორმების პირდაპირი დარღვევაა, და მთიან რეგიონებში ბარომეტრული წნევის ცვლილებით გამოწვეული კალორიულობის 12–24%-იანი კლება, რომელიც საპროექტო დოკუმენტებში სრულად იგნორირებულია. პრობლემის „გამოსავალი” — ქსელში წნევის ხელოვნური გაზრდა, რაც თბილისის შემთხვევაში უკვე რეალობაა — არა მარტო ვერ წყვეტს პრობლემას, არამედ ქმნის ახალს: ნორმაზე გაორმაგებული წნევა ფეთქებად საშიშ გარემოს ქმნის.

ფინანსური სურათი ამ სამ პრობლემას კიდევ უფრო მკვეთრს ხდის. სახელმწიფო ერთი აბონენტის გაზიფიცირებაში საშუალოდ 4 000–6 000 ლარს ხარჯავს, მომხმარებლისგან კი მხოლოდ 400 ლარის გამრიცხველიანების საფასურს იღებს. 2013 წლიდან რეგიონების გაზიფიკაციაში ჩადებული 3–4 მლრდ ლარი, ამ ნარკვევში წარმოდგენილი ტექნიკური ანალიზის გათვალისწინებით, გრძელვადიანი პერსპექტივიდან ფუჭ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს. მისი კორექცია — გადამოწმება, რეკონსტრუქცია ან ხელახალი მშენებლობა — ბევრად ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე თავიდანვე სწორი გათვლებით შესრულებული პროექტი.

ნარკვევი 10 კონკრეტულ რეკომენდაციას აერთიანებს. მოთხოვნებს შორისაა: NECP-ის სრული გადახედვა ენერგოგაერთიანების შენიშვნების გათვალისწინებით; გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის დაჩქარება; ენერგეტიკული სიღარიბის სამართლებრივი განმარტების შემოღება; საპროექტო სტანდარტების რეფორმა; სიმაღლის ფაქტორის სავალდებულო გათვალისწინება როგორც პროექტირებაში, ისე გაზის მოხმარების აღრიცხვაში; არსებული ქსელის დამოუკიდებელი ტექნიკური აუდიტი; და განახლებადი ენერგიის, თბური ტუმბოებისა და შენობების თბოიზოლაციის — როგორც გაზიფიკაციის ალტერნატივების — სისტემატური შეფასება.

გაზიფიკაცია, როგორც ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის ინსტრუმენტი, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ქსელი ტექნიკურად გამართულია, ეკონომიკურად გამართლებულია და სტრატეგიულად გააზრებული. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს გაზის სექტორი ამ სამი კრიტერიუმიდან არცერთს სრულყოფილად არ აკმაყოფილებს.