როგორი ტენდენციებით გამოირჩევა ტრანსპორტის და მობილობის სექტორი საქართველოში

Საქართველოში მობილობის მახასიათებლები, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციით ხასიათდება. ერთ სულ მოსახლეზე გადაადგილების მაჩვენებელი მუდმივად იზრდება და 2024 წელს, 3,000 კმ-ს გადააჭარბა. გადაადგილებაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, არაადეკვატური სატრანსპორტო მომსახურების ფონზე, ადამიანებს მეტწილად კერძო ავტომობილებით უწევთ. Ამასთან, სულ უფრო მცირდება რკინიგზით, ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების მაჩვენებელი. ყოველივე გავლენას ახდენს ჩვენს გარემოზე, აბინძურებს ჰაერს  და ზრდის სათბურის აირების ემისიებს.

დღესდღეობით, ტრანსპორტის სექტორის მართვის კონცენტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ დარგის განვითარების ძალისხმევა მეტწილად ტვირთბრუნვის სექტორისკენ მიმართა. შედეგად, მგზავრთა გადაყვანა და ურბანული მობილობა მეორეხარისხოვან საკითხებად იქცა და ისიც ხშირად მხოლოდ ტურიზმის განვითარების ჭრილში განიხილება, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭიროებები სათანადოდ შესწავლილიც კი არ არის.

თანმიმდევრული, პროგრესული და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება ეროვნულ დონეზე მკაფიო კანონმდებლობის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ქმედითი ნაბიჯებისთვის, აუცილებელია, გაჩნდეს მარეგულირებელი ჩარჩო, ფინანსური მექანიზმები, სტანდარტები და გზამკვლევები — ერთგვარი პლატფორმა, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტებს, მისცემს შესაძლებლობას მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით იმოქმედონ.