"უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონი კრიტიკული აზრის გაქრობას ისახავს მიზნად - მწვანე ალტერნატივას თვალსაზრისი
სამშაბათს, მოქალაქეების პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რუსულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. 76 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართულ კანონს.
რუსული კანონპროექტი “მიზნად ისახავს განსხვავებული, კრიტიკული აზრის ჩახშობასა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის იარლიყის მიკერებისა და სტიგმატიზაციის გზით. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს,” – აღნიშნავენ მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე და ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორი მარიამ ფაცაცია Politico-ში გამოქვეყნებულ თვალსაზრისში.

ხალხმრავალი მშვიდობიანი პროტესტის შემდგომ, რომელთა დაშლაც სახელმწიფომ საპოლიციო ძალის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის, გამოყენებით სცადა, დღეს მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ კანონპროექტს “გაიწვევს.”
“ქართულ ოცნებას” არ განუმარტავს ის იურიდიული პროცედურები, რომელთა გავლასაც მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული “ხალხის ძალა” კანონპროექტების შემდგომი განხილვების შესაჩერებლად აპირებს, მაგრამ აღნიშნა, რომ “ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად” მოსახლეობას განუმარტავს, რატომ მიაჩნია რუსული კანონის საქართველოში მიღება მნიშვნელოვნად.

