მწვანე ალტერნატივა წიაღის შესახებ კანონის 29 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
დავა საკონსტიტუციო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : საქართველოს პარლამენტი
- მოსამართლე : ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი.
- საქმის ნომერი : #1/752
დავის არსი :
მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი პუნქტთან წინააღმდეგობის შემოწმება.
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. შეიძლება წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიური ან სხვა სახის ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე. დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებული იქნა მოთხოვნის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2017 წლის 22 მარტს დაიწყო და 20 აპრილს დასრულდა სარჩელის არსებითი განხილვა.თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიმართა საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე შუამდგომლობით იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობისას ჩამოუყალიბდა სამართლებრივი პოზიცია, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან. 2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
გადაწყვეტილება :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პლენუმის გადაწყვეტილებზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა – მაია კოპალეიშვილმა.
მასალები :
- საკონსტიტუციო სარჩელი
- პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი # 1/20/752, 14 დეკემბერი, 2016
- პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის ოქმი, 22 მარტი, 2017
- საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი #3/1-1/752, 17 მაისი, 2017
- პლენუმის არსებითი განხილვის სხდომის ოქმი, 30 ნოემბერი, 2017