მწვანე ალტერნატივა აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტზე გაცემული სკოპინგის დასკვნის გაუქმებას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- მესამე პირი : საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
- მოსამართლე : დიანა ფარქოსაძე
დავის არსი :
2019 წლის 21 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის უფროსმა განცხადებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და განსახილველად აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიში წარუდგინა.
წარდგენილი დოკუმენტაცია ნათლად აჩვენებდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთანავე, წარდგენილი დოკუმენტაცი არ აკმაყოფილებდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნებს.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 6 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის არაერთი მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, 2020 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 6 მარტის #2-208 ბრძანების ბათილად ცნობა.