მწვანე ალტერნატივა და ადგილობრივი მაცხოვრებლები ფონიჭალაში ფეროს მშენებლობისათვის მიწის გამოყენების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის არსი:
მწვანე ალტერნატივა და ფონიჭალის მოსახლეები ითხოვენ “ქალაქ თბილისში, რუსთავის გზატკეცილის N68ა-ში, ფერადი ლითონის (ფეროშენადნობი) ჩამოსხმის საწარმოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 15 ივნისის № 98-04 ბრძანების ბათილად ცნობას.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ფეროშენადნობების საწარმოს სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც დამტკიცდა გასაჩივრებული ბრძანებით, ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მდებარეობს სამრეწველო ზონა – 1 (ს-1)-ის არეალში. სამრეწველო ზონა – 1 კი, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, წარმოადგენს სამრეწველო ქვეზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები.
ფეროშენადნობების წარმოება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მაღალის რისკის მქონე საქმიანობაა. ამდენად, საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედ ფუნქციურ ზონაში ს-1-ში ფეროშენადნობი ქარხანა, არ წარმოადგენს არც დასაშვებ და არც საგამონაკლისო წესით დასაშვებ სახეობას. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უარი უნდა ეთქვა რუსთავის გზატკეცილის N68ა-ში მიწის ნაკვეთის ფეროშენადნობი საწარმოს სამშენებლოდ გამოყენების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2023 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩატარდა საჩივრის ზეპირი მოსმენა.