დავა ჯორჯიან მანგანეზის ლიცენზიის ბათილად ცნობის მოთხოვნით

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : ა(ა)იპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (წარმომადგენელი), გურამ გაფრინდაშვილი
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მოსამართლე : ირინა გოგოლაძე
  • საქმის ნომერი : 330310024008751591 / N3/1223-24

დავის არსი :

გურამ გაფრინდაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის მკვიდრი, სასამართლოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ დავობს, რადგან სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფლის ტერიტორიაზე, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების ეზოებში, მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებას გეგმავს. გურამ გაფრინდაშვილი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს (შესაძლებელს ხდის) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (მანგანუმის) ღია კარიერული წესით  მოპოვებას.

გურამ გაფრინდაშვილმა ამ მოთხოვნით სარჩელი საქალაქო სასამართლოში  2024 წლის 21 თებერვალს წარადგინა  არასამთავრობო ორგანიზაციების – „მწვანე ალტერნატივას“, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრისა“ და „მომავლის ჭიათურა“ – დახმარებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაჩნია, რომ: 1. სამინისტრო არ არის სათანადო მოპასუხე, ვინაიდან ლიცენზიის გაცემიდან წლების შემდეგ, სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის მართვა გადავიდა სხვა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში; 2. მოსარჩელე დავობს სავარაუდო ზიანზე; და 3. გასულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა. 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ილახება გურამ გაფრინდაშვილისათვის ეროვნული და საერთაშორისო აქტით მინიჭებული არაერთი უფლება:

  • ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით თავისუფლად სარგებლობის უფლებები – საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, „გარემოს დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი; გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის 28 ივლისის რეზოლუცია.
  • გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება – „გარემოს დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის პირველი, მესამე და მეექვსე მუხლები. 

წინასწარ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების გარეშე გადაწყვეტილების მიღებით, სახელმწიფომ, ასევე, უგულებელყო ახლანდელი და მომავალი თაობების წინაშე გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობის უზრუნველსაყოფის შესახებ კონსტიტუციის დაკისრებული ვალდებულება –  საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი. 

2024 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით საქმის განხილვის ვადა 5 თვემდე გაგრძელდა, თუმცა დღემდე არ მოჰყოლია რაიმე განვითარება.

მასალები :