დავა ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
  • მოსამართლე : ნინო ბუაჩიძე
  • საქმის ნომერი : 330310023007179079 ( 3/2970-23)

დავის არსი :

მწვანე ალტერნატივა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოეპოვებინა საჯარო ინფორმაცია არაერთ საკითხებთან დაკავშირებით. 2023 წლის 14 თებერვალს  მწვანე ალტერნატივამ  ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს; შედეგად, საჩივრის ზეპირ მოსმენამდე ორგანიზაციას (ყოველგვარი განმარტების გარეშე) გადაეცა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ნაწილი; მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილზე მოგვეწოდა განმარტება, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში იყო. საბოლოოდ სადავო გახდა მხოლოდ – „შპს ჯორჯიან მანგანეზთან 2021 წლის 1 დეკემბრიდან ინფორმაციის მოწოდების დღემდე წარმოებული მიმოწერის, კომპანიის მიერ წარმოდგენილი (მათ შორის, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ანგარიშები შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით) და/ან კომპანიისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტის ასლი“. საჩივრის განხილვის შედეგად მწვანე ალტერნატივას გადაეცა მხოლოდ სპეციალური მმართველის ყოველთვიური ანგარიშები და ისიც არასრულად – 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი ანგარიშები (გადმოცემის მომენტისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო იანვრის, თებერვლისა და მარტის ანგარიშებიც).

მწვანე ალტერნატივამ გაასაჩივრა 1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის უარი ინფორმაციის გაცემაზე – ვირტუალური აქტი და 2. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ორგანიზაციამ მოითხოვა ინფორმაციის გაცემა და საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

სასამართლომ ორჯერ დაადგინა საქმეზე ხარვეზი: მოითხოვა გასაჩივრებული უარის/ვირტუალური აქტის წარდგენა და დავის საგანის დაზუსტება და მითითება „უკვე გაცემული ინფორმაციის ნაწილში სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 21 მარტის №256/ს ბრძანების ბათილად ცნობისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნისადმი თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნია“. მწვანე ალტერნატივამ ერთხელ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც დამატებით განმარტა, რომ ვირტუალური აქტი წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს მისი ვირტუალურობის გამო და ითხოვს ინფორმაციის სრულად გადაცემას; თუმცა, იგივე ხარვეზის მეორედ დადგენის შემდეგ ორგანიზაციამ ვეღარაფერი წარადგინა და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში გარემოს ერთერთი მსხვილი დამბინძურებელი საწარმოა. წლების განმავლობაში გადაულახავ პრობლემად რჩება საწარმოს ფუნქციონირების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. კომპანიის საქმიანობის არასრული ინსპექტირების შედეგად მხოლოდ 2013-2017 წლებში მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონ ლარად შეფასდა და 2017 წელს, სასამართლომ (მოსამართლე ნინო ბუაჩიძე) კომპანიაში სპეციალური გარემოსდაცვითი მმართველი დანიშნა საწარმოზე გაცემული ლიცენზიისა და ნებართვების მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდგომ მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდა – კომპანიამ მკვეთრად გაზარდა მანგანუმის მოპოვების მასშტაბი; ამავდროულად, სულ უფრო რთულდება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება. „მწვანე ალტერნატივა“ საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის ამგვარად გამოთხოვით ცდილობს ხოლმე  ინფორმაციის მოძიებას.

მასალები :