მწვანე ალტერნატივა შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს „დიდოსტატი“
- მოსამართლე : ნინო ბუაჩიძე
დავის არსი :
2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-96 „შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე (1 ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
„შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული წესით.
2018 წლის 6 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის #2-96 ბრძანების ბათილად ცნობა. ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გადაწყვეტილება :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მასალები :
დავა სააპელაციო სასამართლოში
- აპელანტი : მწვანე ალტერნატივა
- მოწინააღმდეგე მხარე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
დავის არსი :
2019 წლის 31 იანვარს მწვანე ალტერნატივამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.