მწვანე ალტერნატივა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაყიდვის შესახებ საჯარო ინფორმაციის გადმოცემას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავის არსი:
2022 წლის 14 მარტს “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა:
- სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია, საერთო ფართობი – 104 712 ჰა) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისა და აუქციონის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი;
- აუქციონში გამარჯვებულზე ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.
2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებელის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა. წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი.
გადაწყვეტილება :
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უარი თქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის 2022 წლის 5 მაისის წერილში აღნიშნულია: „ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები საჩივრდება სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.