მწვანე ალტერნატივა თენგიზ ჯგუშია და მარინა დგებუაძე ზუგდიდში უკანონოდ აშენებულ ცემენტის ქარხანაზე გაცემული სკოპინგის დასკვნის გაუქმებას ითხოვენ
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : თენგიზ ჯგუშია, მარინა დგებუაძე, მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
- მესამე პირი : შპს „კოლხეთი ცემენტი“
- მოსამართლე : თამარ მეშველიანი
- საქმის ნომერი : 3/3845-21; 330310021004764919
დავის არსი :
2020 წლის 14 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქ. ზუგდიდში შპს “კოლხეთი ცემენტის” ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. მწვანე ალტერნატივამ ადგილზე გასვლის შედეგად აღმოაჩინა, რომ შპს „კოლხეთი ცემენტს“ უკვე თითქმის უკვე დასრულებული აქვს საწარმოს მშენებლობა. ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე ჩატარდა საწარმოს ინსპექტირება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომლიც განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. მწვანე ალტერნატივას მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიის მიმართ საჯარო უწყებისა და საზოგადოების მოტყუების გზით სკოპინგის დასკვნის მოპოვების მცდელობის გამო არანაირი სანქცია არ გატარებულა.
2021 წლის 10 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „კოლხეთი ცემენტი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა სანქციად მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება განსაზღვრა. 2021 წლის 1 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა კომპანიის მიმართ სანქციის ჯარიმის სახით გამოყენება. როგორც 2021 წლის 22 თებერვალს ჩატარებულ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე ქ. ზუგდიდის მერიის წარმომადგენელმა აღინიშნა, კომპანიას მერიის ზედამხედველობის სამსახურთანაც ჰქონდა მიმდინარე დავა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს არც უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვინაიდან საქმიანობა არ ხვდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის რეგულირების ფარგლებში – კოდექსი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ დაგეგმილ საქმიანობებთან მიმართებაში ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 5 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №2-400 „ქ. ზუგდიდში, შპს ,,კოლხეთი ცემენტის“ ცემენტის წარმოებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.
2021 წლის 28 მაისს მწვანე ალტერნატივამ, თენგიზ ჯგუშიამ და მარინა დგებუაძემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობაში და მოითხოვეს სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა.
2021 წლის 21 ივნისს მომჩივანებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინეს და „ქ. ზუგდიდში, შპს ,,კოლხეთი ცემენტის“ ცემენტის წარმოებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 აპრილის №2-400 ბრძანების და საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მთავრობის გადაწყევტილების ბათილად ცნობა.
მასალები :
- „ქ. ზუგდიდში, შპს ,,კოლხეთი ცემენტის“ ცემენტის წარმოებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 აპრილის №2-400 ბრძანება;
- ადმინისტრაციული საჩივარი;
- მთავრობის გადაწყვეტილება;
- სარჩელი;
- სასამართლოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ;
- გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაგებელი;
- საქართველოს მთავრობის შესაგებელი;
- შპ„კოლხეთი ცემენტის“ შესაგებელი;