მწვანე ალტერნატივა და თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში უკანონოდ აშენებულ ცემენტის ქარხანაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : თენგიზ ჯგუშია, მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მესამე პირი : შპს „კოლხეთი ცემენტი“
  • მოსამართლე : ვალერიანე ფილიშვილი
  • საქმის ნომერი : №: 3/7396-21; 330310121005247636

დავის არსი :

2020 წლის 14 ივლისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა  ქ. ზუგდიდში შპს “კოლხეთი ცემენტის” ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. მწვანე ალტერნატივამ ადგილზე გასვლის შედეგად აღმოაჩინა, რომ შპს „კოლხეთი ცემენტს“ არა თუ დაგეგმილი, არამედ თითქმის უკვე დასრულებული აქვს საწარმოს მშენებლობა. ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე ჩატარდა საწარმოს ინსპექტირება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომლიც განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. კომპანიის მიმართ საჯარო უწყებისა და საზოგადოების მოტყუების გზით სკოპინგის დასკვნის მოპოვების მცდელობის გამო არანაირი სანქცია არ გატარებულა. 2021 წლის 10 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „კოლხეთი ცემენტი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა სანქციად მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება განსაზღვრა.  2021 წლის 1 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოითხოვა კომპანიის მიმართ სანქციის ჯარიმის სახით გამოყენება.

როგორც 2021 წლის 22 თებერვალს ჩატარებულ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე ქ. ზუგდიდის მერიის წარმომადგენელმა აღინიშნა, კომპანიას მერიის ზედამხედველობის სამსახურთანაც ჰქონდა მიმდინარე დავა  უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს არც უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვინაიდან საქმიანობა არ ხვდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის რეგულირების ფარგლებში. თუმცა, 2021 წლის 5 აპრილს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №2-400 „ქ. ზუგდიდში, შპს ,,კოლხეთი ცემენტის“ ცემენტის წარმოებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ, თენგიზ ჯგუშიამ და მარინა დგებუაძემ ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მიუხედავად აღნიშნულისა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააგრძელა პროცესი და განიხილა შპს „კოლხეთი ცემენტის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვტილების მოთხოვნის თაობაზე. გარდა იმისა, რომ შპს ,,კოლხეთი ცემენტის” მიერ უკანონოდ დაწყებულ საქმიანობაზე გადაწვეტილების მიღებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით სამინისტრომ უხეშად დაარღვია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნები, თავად განხილვის პროცესიც არაერთი დარღვევით წარიმართა. „ქ. ზუგდიდში, კოლხეთი ცემენტის’’ ცემენტის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით კომპანიას დაევალა პოსტ ფაქტუმ იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც, როგორც დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შესწავლისას, ისე მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე. ამ ტიპის ინფორმაცია გადამწყვეტია პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონისა და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობების განსასაზღვრად. მწვანე ალტერნატივამ და თენგიზ ჯგუშიამ მინისტრის ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს.

მასალები :