გიგა ჩოხელი ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : გიგა ჩოხელი, მწვანე ალტერნატივა (წარმომადგენელი)
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მოსამართლე : ნანა აფციაური
  • საქმის ნომერი : 3/9482-19 (330310019003328457)

დავის არსი :

2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა „ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის“ სკოპინგის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა „ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის“ პროექტზე სავალდებულო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის აუცილებელი კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის და წარმოსადგენი დოკუმენტაციის საკმაოდ ვრცელი  ჩამონათვალი. თუმცა, როგორც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის ეტაპზე გაირკვა საავტომობილო გზების დეპარატამენტმა არ უზრუნველყო პროექტის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება და მოეთხოვა ნებართვის მაძიებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ან უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.

გიგა ჩოხელის ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება ექცევა პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ და გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს (ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება), რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე,  გიგა ჩოხელმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის #2-354 ბრძანების ბათილად ცნობა.

მასალები :