მწვანე ალტერნატივა ჭიათურმანგანუმის საპრივატიზებო ხელშეკრულების ასლს ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის და სს ჭიათურმანგანუმის აქტივების გაყიდვის მიზნით, 2006 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი. აუქციონში გაიმარჯვა მისმა ერთადერთმა მონაწილემ Georgian Manganese Holding Limited-მა.
აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ვადის გასვლისთანავე მწვანე ალტერნატივა შეეცადა მოეპოვებინა ხელშეკრულების ასლი, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ აუქციონის ჩატარების პერიოდში საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო, რომ „ჭიათურმანგანუმის“ აქტივებს გაკოტრების მმართველი განაგებდა და შესაბამისად, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხელშეკრულებაც გაკოტრების მმართველსა და მყიდველს შორის გაფორმდა. ამდენად, მწვანე ალტერნატივამ 2006 წლის 25 დეკემბერს წერილით მიმართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (როგორც სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ფლობს და განკარგავს სახელმწიფო ქონებას) და სთხოვა სს ჭიათურმანგანუმის აქტივების შპს Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ასლი. მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 8 იანვარს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას განმარტება მიიღო, სადაც ყოველგვარი განმარტების გარეშე აღნიშნული იყო, რომ “სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივების გასხვისება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა”.
მინისტრის მოადგილის ამგვარი განმარტება არ თანხვდებოდა რამოდენიმე დღით ადრე, 2007 წლის 5 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ”ეკონომიკური განვითარების მინისტრმა [გიორგი არველაძემ] შპს Georgian Manganese Holding Limited-ის ხელმძღვანელს საკუთრების მოწმობა გადასცა, რომლის მიხედვით ბრიტანული კომპანია სს ”გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის”, სს ”ჭიათურმანგანუმისა” და შპს ”ვარციხე 2005”-ის საბოლოო მფლობელი გახდა. სამწლიანი მუშაობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ქართული მხრიდან გიორგი არველაძემ, ხოლო ბრიტანული კომპანიის მხრიდან ალექსანდრე ზილბერმანმა მოაწერეს. ….“სამინისტრომ დოკუმენტზე ხელმოწერით სამწლიანი მუშაობა დაასრულა. ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ გადარჩება „ჭიათურმანგანუმი“ და „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“, ამაღლდება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, ორ წელიწადში იმერეთში დამატებით 1000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაუმჯობესდება მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო და უსაფრთხოების პირობები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ის საწარმო სიმძლავრეები გადაგვერჩინა, რომელიც მართლა სულს ღაფავდა და განადგურების პირას იყო. სახელმწიფომ მთლიანობაში 2 წლის წინ დიდი საპრივატიზაციო მარათონის გამოცხადებისას დაგეგმილი 132 მილიონი მიიღო”-განაცხადა გიორგი არველაძემ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმების ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ“.
მინისტრის საჯარო განცხადებასა და მისი მოადგილის მიერ მოცემულ განმარტებას შორის აშკარა შეუსაბამობის გამო, მწვანე ალტერნატივა კვლავ შეეცადა სიტუაციაში გარკვევას და 2007 წლის 17 იანვარს კვლავ მიმართა სამინისტროს, ამჯერად მინისტრის მოადგილის განმარტების დასაზუსტებლად. იმედით, რომ ამჯერად მაინც მიიღებდა პირდაპირ და ნათელ პასუხს, ორგანიზაციამ ამჯერად მოითხოვა იმის დაზუსტება, თუ პრივატიზების რა ფორმის გამოყენებით და ვის მიერ გასხვისდა სს ჭიათურმანგანუმის აქტივები. პასუხი, სამწუხაროდ, ამჯერადაც იგივე იყო.
ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, მწვანე ალტერნატივამ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უბრალოდ არ ჩათვალა საჭიროდ ამომწურავი და გასაგები პასუხის გაცემა დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენელისთვის, რაც აშკარად ლახავდა საზოგადოების უფლებას საჯარო ინფორმაციაზე. ამდენად, მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საწარმო გაკოტრების მმართველმა გაყიდა. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საწარმო სამინისტრომ გაყიდა, სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო სამინისტროს იმ თანამშრომელის შეცდომა, რომელმაც ინფორმაცია ვებ-გვერდზე განათავსა; მოგვიანებით მწვანე ალტერნატივას მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეო-რგოლზე, რომელშიც მინისტრი თავად აკეთებდა განცხადებას ჭიათურმანგანუმის გასხვისებაზე, სამინისტროს წარმომადგენელს მოსაზრება არ გააჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი თავის სატელევიზიო გამოსვლებსა თუ საგაზეთო ინტერვიუებში საპირისპიროს ამტკიცებდა, სასამართლო დარწმუნდა, რომ ხელშეკრულება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მყიდველს შორის არ გაფორმებულა. შესაბამისად, მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
მოსამართლე: ინგა კვაჭანტირაძე
სასამართლოს უარი იყო შედეგი იმისა, რომ ორგანიზაციამ დაუჯერა ეკონომიკური განვითარების მინისტრს და მოითხოვა დოკუმენტი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. მინისტრის მოადგილემ კი, რომელმაც იცოდა სინამდვილე, იმის ნაცვლად, რომ ორგანიზაციის მოთხოვნა შესაბამისი უწყებისთვის გადაემისამართებინა ან ნათელი პასუხი გაეცა, არაპირდაპირი პასუხებით დროის გაწელვა ამჯობინა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ასლის მოთხოვნით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მწვანე ალტერნატივამ პირველად 2006 წლის 25 დეკემბერს მიმართა და მხოლოდ 2007 წლის 5 ივნისს, არაერთი წერილისა და სასამართლო დავის აღძვრის შემდეგ, გაიგო ორგანიზაციამ, რომ სამინისტრო არ იყო ხელშეკრულების მხარე და შესაბამისად, კანონიერი მოპასუხე სასამართლო დავაში.