მწვანე ალტერნატივა რატიფიცირებული ხელშეკრულების გამოქვეყნებას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი :
მწვანე ალტერნატივა ითხოვს 2000 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტის# 341-ის დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულებისა და მისი ყველა დანართის ოფიციალურ გამოქვეყნებას.
მოპასუხე მხარე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი;
მესამე პირები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოში რეგისტრირებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის – ფილიალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველო“; ს.ს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“;
დავა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში
2004 წლის 29 მარტს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა – კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებისათვის კერძოდ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტისათვის „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების ოფიციალური გამოცემის დავალების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად არ გამოაქვეყნა 2000 წლის 31 მაისს, საქართველოს პარლამენტის, # 341-ის დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულება.
რადგან საქართველოს პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიკაციის გზით საქართველოსთვის მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა, ხელშეკრულება, მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ოფიციალურად უნდა გამოქვეყნებულიყო „პარლამენტის უწყებაში“ საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ მუხლი 30, პუნქტი 1-ის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებისათვის ეს ინფორმაცია სრულად, ობიექტურად და დროულად უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ე.ი მანამდე, სანამ მათ საფუძველზე მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მილსადენის მშენებლობისა და ოპერირების პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ.
ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს პარლამენტს დაევალა მის მიერ 2000 წლის 31 მაისს #314-116 დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნების უზრუნველყოფა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
მოსამართლე: თ. ყაჭეიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყო ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და ოფიციალურად გამოაქვეყნა ხელშეკრულება, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი
მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით. შესაბამისად, საოლქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის სააპელაციო წარმოება და უცვლელად დატოვა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება
მოსამართლეები: ნ. გიგიტაშვილი, ნ. წვებლაძე, ალ. იოსელიანი და ნ. ქაჯაია