მწვანე ალტერნატივა გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დავის არსი:

“მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს ეროვნულ სააგენტოდან გამოითხოვა სააგენტოს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან ინფორმაციის გადმოცემის მომენტამდე მომზადებული გარემოს დაბინძურების შესახებ წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვებისა და ცნობების ასლები. პასუხად სააგენტომ გვაცნობა, რომ  „სააგენტოს ვებ-გვერდსა და ჰაერის პორტალზე (www.nea.gov.ge ; www.air.gov.ge) ხელმისაწვდომია და ეტაპობრივად ქვეყნდება გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული  ანგარიშები“; თუმცა ხსენებული ანგარიშები არ გადმოგვეცა.

სააგენტო თავის წლიურ ანგარიშებში უთითებს, რომ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი ამზადებს წელიწდეულებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებსა და ცნობებს; სააგენტოს ვებ-გვერდზეც არის განყოფილება, რომელზეც თითქოს უნდა იყოს განთავსებული გარემოს დაბინძურების შესახებ ყოველთვიური ბიულეტენები 2017 წლიდან დღემდე; თუმცა, ეს ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე, არც სააგენტოს ვებ-გვერდზე და არც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე არ ქვეყნდება გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული  ანგარიშები. თუმცა, ეს ინფორმაცია მართლაც რომ ყოფილიყო განთავსებული მითითებულ რესურსებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან“.

გადაწყვეტილება :

სსიპ გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ  მწვანე ალტერნატივას გადასცა:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ზედაპირული წყლების ხარისხის წელიწდეული 2017-2022წ.წ.
  • საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული 2017-2022წ.წ.
  • მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენები 2017-2022წ.წ.

ასევე, 2015-2022 წლების ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენები განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე. მიმდინარე – 2023 წლის ანგარიშები (03.05.2023 მდგომარეობით) კვლავ არ არის გამოქვეყნებული.

მასალები :