მწვანე ალტერნატივა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მესამე პირი : სს „ონის კასკადი“
  • მოსამართლე : მერი გულუაშვილი
  • საქმის ნომერი : 3/3215-20

დავის არსი :

2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება „ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, სს ,,ონი კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი -122 .4 მგვტ; ონი 2 ჰესი- 83.7 მგვტ), მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან  ირკვევა რომ სს“ ონის კასკადმა“ არ უზრუნველყო პროექტის ადამინების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, განხილვის პროცესში დაშვებული არაერთი კანონდარღვევით გასცა დადებითი  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და დაავალა ნებართვის მფლობელს, პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, რათა განსაზღვრულიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის დონე და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.  ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად იყო უგულებელყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

ყოველივე აღნიშნულის გამო, მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, სს ,,ონი კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი -122 .4 მგვტ; ონი 2 ჰესი- 83.7 მგ ტ), მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N2-256 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ონის კასკადი.

საქმის მოსამზადებელი სხდომა შედგება 2020 წლის 29 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №29.

მასალები :