ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში: საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო

    კატასტროფების რისკის შემცირება მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც კატასტროფების მართვისთვის, ისე მდგრადი განვითარებისთვის. თუკი უწინ ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კატასტროფების შემდგომ რეაგირებაზე, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატასტროფებისადმი მზადყოფნას. კატასტროფების რისკი შესაძლებელია შემცირდეს სხვადასხვა გზით – როგორც უშუალოდ ფიზიკურ მოვლენაზე მიმართული ღონისძიებებით, ისე ისეთი ქმედებებით, რომლებიც მიმართულია მოწყვლადობის შემქმნელ ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.