შენიშვნები და რეკომენდაციები შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ მიერ მცხეთის და კასპის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ქსანი ჰესის (ქსანი 1 და ქსანი 2 ჰესების), გრაკალი ჰესის და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მცხეთის და კასპის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ქსანი და გრაკალი ჰესების (ქსანი 1, ქსანი 2 და გრაკალი ჰესების) და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საპროექტო ქსანი ჰესი (ქსანი 1 – 24.1 მგვტ და ქსანი 2 ჰესი – 18.36 მგვტ, გრაკალი ჰესი – 18.4 მგვტ) წარმოადგენს მდინარე მტკვარზე დაგეგმილი კალაპოტური ტიპის 13 ჰესისგან შემდგარი კასკადის შემადგენელ მეათე, მეთორმეტე, მეცამეტე და მეათე საფეხურებს, რომლის განთავსება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევისა (ქსანი 1 ჰესი) და სოფ. გრაკალის (გრაკალი ჰესი) მიმდებარე ტერიტორიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსანის მიმდებარე არეალში (ქსანი 2 ჰესი).

ანგარიშის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა არაერთი კრიტიკული სისტემური ხარვეზი და შეუსაბამობა საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებთან. დოკუმენტი ვერ პასუხობს მთავარ კითხვებს პროექტის (13 ჰესი) კუმულაციურ ზემოქმედებაზე, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტის რეალურ საჭიროებაზე, მის გარემოსდაცვით და სოციალურ ზემოქმედებაზე, კასკადის პროექტი ფრაგმენტირებულია, რაც შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მასზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზანშეწონილობას.