პასუხები და რეკომენდაციები შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ მდ. მტკვარზე დაგეგმილი ქსნის ჰესების კასკადის (ქსანი 1 და 2 და გრაკალი ჰესი) პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებზე

“2025 წლის სექტემბერში შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-მა გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე დაგეგმილი ქსანი 1 და 2 ჰესებისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 

ანგარიშის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა არაერთი კრიტიკული სისტემური ხარვეზი და შეუსაბამობა საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებთან. ამასთან დაკავშირებით, „მწვანე ალტერნატივამ“ სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა, რის საპასუხოდაც კომპანიამ სააგენტოს პასუხები წარუდგინა. 

წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს საპასუხო წერილს, რომელიც აანალიზებს შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის პასუხებს ჩვენს შენიშვნებზე და ხაზს უსვამს მათში არსებულ უზუსტობებს, შეუსაბამობებსა და არგუმენტაციის სიმწირეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის მიერ ქსანი 2 ჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს არგუმენტებს პროექტის არასრულყოფილი შეფასების თაობაზე. 

კომპანიის მიერ გაცემული პასუხები ვერ ასაბუთებს პროექტის (ახლა უკვე 12 ჰესისგან შემდგარი კასკადის) საჭიროებას კუმულაციური, სტრატეგიული დაგეგმვის, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კონტექსტში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მასზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზანშეწონილობას.”