შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.
წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული
დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში მოცემულ გარემოს დაცვის პრინციპები, კერძოდ “პრიორიტეტულობის პრინციპი” –
“ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის
ანაზღაურების ხარჯებს”.