მწვანე ალტერნატივას განცხადება 2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებით
2014 წლის 17 მაისს, ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც, განადგურდა საქართველოს სამხედრო გზის მონაწკეთი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 7 პიროვნება დაკარგულად ითვლება. დარიალ-ჰესის სადერივაციო გვირაბში, სადაც მეწყრის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მოყოლილია რამდენიმე პირი.
უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მოხერხდება დაკარგული ადამიანების უვნებლად გადარჩენა.
სამწუხაროდ, ამ დღეებში მედიით ვრცელდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დეზინფორმაციული განცხადებები, თითქოს გარემოსდამცველები დევდორაკის მყინვარიდან ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზად დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესებს ასახელებენ. ასეთი განცხადებებით ისინი ცდილობენ მიჩქმალონ ამ პროექტების დამტკიცებისა და განხორციელების პროცესში მიღებული მთელი რიგი უპასუხისმგებლო და შესაძლოა, კორუფციული გადაწყვეტილებები.
მწვანე ალტერნატივა არაერთხელ აღნიშნავდა, რომ დარიალ-ჰესისა და ლარსი-ჰესის მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცესში უგულველყოფილი იქნა არაერთი გარემოსდაცვითი საკითხი. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალური გარემოს ამ პროექტების შედეგად, ჰესების დაპროექტებისას არ იქნა ჯეროვნად გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების შედეგად.
17 მაისს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ ნათლად გვაჩვენა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს არასრულყოფილად ჩატარებულმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა. გარემო პირობების უგულვებელყოფით, მხოლოდ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტები საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებენ ზიანს, არამედ სერიოზული ეკონომიკური ზიანის მომტანიც არიან. დაუფიქრებლად ინიცირებული პროექტების კიდევ ერთ თვალნათელ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ პოტენციური ჰესების ნუსხაში შეტანილი ამალი ჰესი – ენერგეტიკის სამინისტრო ამ ტრაგედიის გამომწვევ ღვარცოფულ მდინარეზე ჰესის მშენებლობას მიიჩნევს ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პროექტად.