დავა მინერალური რესურსების სააგენტოსა და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის
დავა საქალაქო სასამართლოში
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- მოპასუხე : სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
- მოსამართლე : ციცინო როხვაძე (05.09.2023- 17.11.2023); ნინო ბუაჩიძე (17.11.2023-დან)
- საქმის ნომერი : 330310023007814983 (3/6776-23)
დავის არსი :
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ მწვანე ალტერნატივას არ გადასცა საჯარო ინფორმაცია:
- წიაღით სარგებლობის ლიცენზიების სრული რეესტრის (გაუქმებული, შეცვლილი ლიცენზიების ჩათვლით) ელექტრონული ვერსია;
- სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის 2021 და 2022 წლის ანგარიშები.
- შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2023 წლის განმავლობაში წარმოდგენილი ყველა ყოველთვიური ანგარიში;
- 2023 წლის მაისში სპეციალური მართვის რეჟიმის ვადის ამოწურვასა და გაგრძელებასთან კავშირში სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციისა და თანმხლები დოკუმენტების ასლი;
- სპეციალური მართვის რეჟიმის ვადის ამოწურვასა და გაგრძელებასთან კავშირში სააგენტოს მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტის ასლი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო მინაკუთვნში წიაღით სარგებლობის სამუშაოთა განვითარების გეგმა, რომელიც, სპეციალური მმართველის 11.04.2021-11.05.2021 ანგარიშის თანახმად, წარდგენილია სააგენტოში.
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უბრალოდ არ გასცა პასუხი ორგანიზაციის განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. 2023 წლის 3 ივლისს მწვანე ალტერნატივამ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის სახელზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. თუმცა, აქაც, ორგანიზაციას არ მიუღია არც გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე და არც რაიმე შემდგომი ნაბიჯის ამსახველი დოკუმენტი.
სასამართლომ დაადგინა საქმეზე ხარვეზი: მოითხოვა გასაჩივრებული უარის – ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის წარდგენა და ამისათვის ორგანიზაცის 10 დღიანი ვადა მისცა. მწვანე ალტერნატივამ წარადგინა განცხადება, სადაც დამატებით განმარტა, რომ ვირტუალური აქტი წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს მისი ვირტუალურობის გამო. 2023 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის ვადის 5 თვემდე გაზრდის თაობაზე. 2023 წლის 17 ნოემბერს საქმე გადაეწერა მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს. საქმის განხილვა არ დაწყებულა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში გარემოს ერთერთი მსხვილი დამბინძურებელი საწარმოა. წლების განმავლობაში გადაულახავ პრობლემად რჩება საწარმოს ფუნქციონირების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. კომპანიის საქმიანობის არასრული ინსპექტირების შედეგად მხოლოდ 2013-2017 წლებში მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონ ლარად შეფასდა და 2017 წელს, სასამართლომ (მოსამართლე ნინო ბუაჩიძე) კომპანიაში სპეციალური გარემოსდაცვითი მმართველი დანიშნა საწარმოზე გაცემული ლიცენზიისა და ნებართვების მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდგომ მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდა – კომპანიამ მკვეთრად გაზარდა მანგანუმის მოპოვების მასშტაბი; ამავდროულად, სულ უფრო რთულდება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება. „მწვანე ალტერნატივა“ საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის ამგვარად გამოთხოვით ცდილობს ხოლმე ინფორმაციის მოძიებას.
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.