ამნისტია – ჰუმანური აქტი თუ მიწის მიტაცება?

  • ქეთი გუჯარაიძე

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 15 ნოემბერს მიიღო „ამნისტიის შესახებ” კანონი, რომელიც ორი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა წარდგენილი პარლამენტში. კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სანაცვლოდ კი, სახელმწიფო ამ პირებს სთავაზობს გარიგებას – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მიწის  სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების ან კომპენსაციის გადახდის გზით.

„კანონით დადგენილი ამნისტიის მექანიზმი, რეალურად, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის წართმევის სისტემატიზებას და ლეგალიზებას ემსახურება.“ – წერს ქეთი გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივას პოლიტიკის ანალიტიკოსი  ნარკვევში „ამნისტია – ჰუმანური აქტი თუ  მიწის მიტაცება?“. 

ნაშრომში განხილულია მიწაზე უფლებების აღიარებასთან დაკავშირებული დავები, რომელთაც შემდეგი რამ აერთიანებთ:  (ა) სადავო მიწები მდებარეობს სხვადასხვა სახის მსხვილი პროექტის არეალში ან უშუალო სიახლოვეს; (ბ) მოქალაქეებს რეგისტრირებული აქვთ საკუთრების უფლება მიწაზე საჯარო რეესტრში; და (გ) პროკურატურა ბრალს სდებს მოქალაქეებს მიწის უკანონოდ მითვისებაში და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისა და მიწაზე უფლებებთან დაკავშირებული მიმდინარე დავების ხასიათის საფუძველზე, ავტორი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო ორგანოები მოქალაქეთა კრიმინალიზებას (და შემდგომ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას – ამნისტიას) ახდენენ იმისათვის, რომ შეასუსტონ დაგეგმილი თუ მიმდინარე საინვესტიციო პროექტების კრიტიკა, ჩაახშონ მიწის მესაკუთრეთა და მფლობელთა ლეგიტიმური მოთხოვნები, და იოლად მიიტაცონ მოქალაქეებს კუთვნილი მიწები სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ნარკვევის სრულად გასაცნობად მიჰყევით ბმულს

ნაშრომი, თავდაპირველად, 2024 წლის 31 იანვარს, გამოაქვეყნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს თბილისის ოფისმა.